
ცესკო მედია მონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს
წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ”კონკურენტულ მედია-სივრცეში და მისი დაფარვა დაბალანსებული და დივერსიფიცირებულია”, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მედია მონიტორინგის მეორე ანგარიშის გამოქვეყნებისას.
ეს ანგარიში განსხვავდება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედური მოხსენებისგან, რომელშიც ორგანიზაცია მედიაში წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას ბალანსის ნაკლებობაზე საუბრობს.
ცესკომ მედია მონიტორინგის მეორე ანგარიში 29 დეკემბერს გამოაქვეყნა. მედია მონიტორინგი ჩატარდა PRIMETIME-ის ანალიტიკური საკონსულტაციო ჯგუფის მიერ საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით და მოიცავს 16-დან 22 დეკემბრამდე პერიოდს.
მედია მონიტორინგი ძირითადად ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ ოთხ კომპანიას – ”რუსთავი 2”, ”იმედი”, ”მზე” და ”საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი” – და ერთ თბილისის მასშტაბით მაუწყებელ კომპანიას – ”კავკასია” – შეეხო. მედია მონიტორინგის დროს ყურადღება ექცეოდა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის საეთერო დროის როგორც რაოდენობრივ და ხარისხობრივ გადანაწილებას, ისე უფასო და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებზე საეთერო დროის გადანაწილების ანალიზს. ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა 26 დეკემბერს შეწყვიტა.
ტელე-რეკლამების თვალსაზრისით კვლავ მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს. მისი ფასიანი რეკლამები საეთერო დრო 7 საათს ოდნავ აჭარბებს, ხოლო უფასო რეკლამების საეთერო დრო 3 საათს შეადგენს. წინა მედია მონიტორინგის პერიოდში (10-15 დეკემბერი) სააკაშვილმა ხუთი საათის და 40 წუთის ფასიანი საეთერო დრო გამოიყენა.
პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები – ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე და შალვა ნათელაშვილი – ძირითადად ”კვალიფიციური კანდიდატებისთვის” (წარმდგენი პარტიები, რომელთაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი, ხოლო ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი ბარიერი გადალახეს) განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს იყენებენ.
სააკაშვილის შემდეგ მოდის დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი, რომლის რეკლამების საეთერო დროც 5 საათს შეადგენს. მან ფასიანი საეთერო დროის მხოლოდ ათი წუთი გამოიყენა. შემდეგ მოდის გაჩეჩილაძე, რომლის უფასო პოლიტიკურმა რეკლამამ 4 საათი და 36 წუთი შეადგინა. ბოლოს არის ნათელაშვილი – 3 საათი და 40 წუთი.
პატარკაციშვილს უფასო რეკლამის საეთერო დრო აქ აქვს გამოყოფილი და მხოლოდ 18 წუთი გამოიყენა ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის.
რაოდენობრივი თვალსაზრისით, კვლევამ უჩვენა, რომ ტელეკომპანიებმა თავიანთი საეთერო დროის უდიდესი ნაწილი დაუთმეს სააკაშვილს – სულ სამი საათი.
მას მოყვება ირინა სარიშვილი 2 საათით და 15 წუთით. ცესკოს განცხადებით, მონიტორინგის პერიოდში სარიშვილის გამოჩენამ ორ სხვადასხვა პოლიტიკურ თოქშოუში განაპირობა შედეგებში მისი დაწინაურება. ცესკოს მიერ წარმოებული მედია მონიტორინგი ვრცელდება არა მარტო საინფორმაციო გადაცემებზე, არამედ პოლიტიკურ თოქშოუებზეც.
შემდეგ მოდიან გაჩეჩილაძე და გამყრელიძე 1 საათით და 36 წუთით და 1 საათით და 14 წუთით, შესაბამისად; ნათელაშვილი (1 საათი და 14 წუთი), მაისაშვილი (42 წუთი) და პატარკაციშვილი (35 წუთი). მონიტორინგის წინა პერიოდში ნათელაშვილი ყველაზე ხშირად ხსენებადი კანდიდატი იყო (დაახლოებით 2 საათი), მას მოყვებოდა სააკაშვილი.
ტელეკომპანიები ”რუსთავი 2” და ”მზე” ყველაზე ხშირად მოიხსენიებდნენ სააკაშვილს სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით. ტელეკომპანია ”იმედმა” თავისი საეთერო დროის უდიდესი ნაწილი გაჩეჩილაძეს და ნათელაშვილს დაუთმო. შემდეგ მოდიან მაისაშვილი, სააკაშვილი, პატარკაციშვილი და გამყრელიძე. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი საეთერო დროის უდიდესი ნაწილი სააკაშვილს დაუთმო. მას მოყვებიან გამყრელიძე და გაჩეჩილაძე.
ხარისხობრივი თვალსაზრისით, კვლევის თანახმად, სააკაშვილი ყველაზე ხშირად იქნა მოხსენიებული უარყოფით კონტექსტში. მას მოყვება პატარკაციშვილი. თუმცა, იმავდროულად სააკაშვილი ლიდერობს დადებით კონტექსტში მოხსენიებით კუთხითაც.
ეუთოს სადამკვირვებლო მისია (OSCE/ODIHR) თავის მეორე შუალედურ მოხსენებაში მედიის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იმ ტელეკომპანიების უმეტესობაში, სადაც მონიტორინგი განხორციელდა, შეინიშნება პრეზიდენტობის კანდიდატების გაშუქებისას დაბალანსების ნაკლებობა.
ეუთოს მოხსენების თანახმად, 7-20 დეკემბრის პერიოდში საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი პოლიტიკური და საარჩევნო სიუჟეტების 41% მიხეილ სააკაშვილს დაუთმო. ამ სიუჟეტების 99% პოზიტიური ან ნეიტრალური იყო.
მას მოყვება დავით გამყრელიძე 17%-ით, შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე – 16%-ით და შალვა ნათელაშვილი – 13%-ით. ამ კანდიდატებზე სიუჟეტების ტონალობაც პოზიტიური ან ნეიტრალური იყო, ეუთოს მოხსენების თანახმად.
ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და ”მზემ”, საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, თავისი საეთერო დროის უმეტესობა მიხეილ სააკაშვილს დაუთმეს.
ტელეკომპანია ”იმედმა” ყველაზე რეიტინგულ დროს თავისი პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული სიუჟეტების უმეტესობა – 34% მიხეილ სააკაშვილს დაუთმო.
”[ტელეკომპანია ”იმედში”] სააკაშვილზე გასული სიუჟეტების 45% პოზიტიური, ხოლო მათი 15% ნეგატიური იყო,” – ნათქვამია მოხსენებაში.
სააკაშვილის შემდეგ, ტელეკომპანია ”იმედმა” თავისი საეთერო დროის უმეტესობა ლევან გაჩეჩილაძეს (18%) და ბადრი პატარკაციშვილს (17%) დაუთმო. ”მათი გაშუქების ტონალობა ძირითადად ნეიტრალური ან პოზიტიური იყო,” – ნათქვამია ეუთოს მოხსენებაში.