ახალი ამბები

პატარკაციშვილი ფორმალურად საპრეზიდენტო მარათონში რჩება

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო მარათონს ეთიშება, იგი მხოლოდ 4 იანვარს, არჩევნებიდან ერთი დღით ადრე მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მისი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.


პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჟვანიამ განაცხადა, რომ მიუხედავად საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვისა, პატარკაციშვილი და მისი მოკავშირეები განაგრძობენ ”პოლიტიკურ ბრძოლას”, რათა მიაღწიონ ”დემოკრატიული ძალების” გამარჯვებას.    


28 დეკემბერს ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის პატარკაციშვილს შეხვდა, გიორგი ჟვანიამ იმედი გამოთქვა, რომ 5 იანვრის არჩევნებში გაიმარჯვებს ”ნებისმიერი კანდიდატი დემოკრატიული ოპოზიციიდან”. თუმცა, მან კონკრეტული კანდიდატი არ დაასახელა.


”ბევრ ადამიანს გაუჩნდა ბადრი პატარკაციშვილის მიმართ ეჭვები; ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ასეთ ვითარებაში უმჯობესია მოხსნას თავისი კანდიდატურა,” – განაცხადა ჟვანიამ. იგი იმ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს გულისხმობდა, რომელთა საშუალებითაც ხელისუფლება შეეცადა გაემყარებინა ის ვარაუდები, რომ პატარკაციშვილი და მისი მოკავშირეები არჩევნების შემდეგ არეულობებს გეგმავდნენ, რომლის საბოლოო მიზანიც შეთქმულების მოწყობა იყო.


ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარკაციშვილი წყვეტს საარჩევნო კამპანიას, საარჩევნო შტაბი არ დაიხურება.


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა კოტე გაბაშვილმა განაცხადა, რომ პატარკაციშვილის გადაწყვეტილება, რომ ფორმალურად დარჩეს პრეზიდენტობის კანდიდატად მისი ”უარყოფითი მანიპულაციების” გაგრძელებაა. ”ამგვარი გადაწყვეტილებით ის აძლევს ლეგიტიმაციას თავის შტაბს, რომ იმუშავოს უარყოფით რეჟიმში და იმ უარყოფითი მიზნებისთვის, რომლებიც სრულიად შემთხვევით გაცხადდა,”- განაცხადა გაბაშვილმა.   


პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ რომელიმე ”მარგინალური კანდიდატის” მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნაკლებად მნიშვნელოვანია.


პატარკაციშვილმა თავისი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო მარათონის დატოვების თაობაზე 27 დეკემბერს გაახმოვანა.


”დღეს ოპოზიციის ლიდერებმა ფაქტიურად მოითხოვეს ჩემგან და სააკაშვილისგან, უარი განვაცხადოთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე,”- ნათქვამია პატარკაციშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ”მე ვიზიარებ მათ მოწოდებას”. მოგვიანებით მან ამავე თემაზე ვიდეო მიმართვაც გაავრცელა.


”მე მზად ვარ შევწყვიტო საარჩევნო კამპანია და ვაცნობო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ აღარ ვმონაწილეობ არჩევნებში. მე არ მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც არასდროს დამიყენებია საკუთარი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. მადლობას ვუხდი ყველას ვისაც სჯეროდა და სჯერა ჩემი, ისინი გაწბილებული არ დარჩებიან, მე ძალაში ვტოვებ ყველა იმ ძირითად დაპირებას, რომელიც ქართველ ხალხს მივეცი. ეჭვიც არ მეპარება, რომ სააკაშვილის რეჟიმი დამარცხდება,”- აცხადებს პატარკაციშვილი.


ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი ”ბინძურ თამაშებს” თამაშობენ, რათა ”დაასამარონ არჩევნები და თავისუფალი მედიის დისკრედიტაცია მოახდინონ”.


ერთი დღით ადრე, ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლებმა და ხელმძღვანელობამ განაცხადეს, რომ არხი ”დროებით წყვეტს” მაუწყებლობას, რათა გაემიჯნოს ”ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს” ტელეკომპანიის მფლობელის და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მანამდე ტელეკომპანია ბევრმა წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა.


ყველა ამ მოვლენას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მაკომპომეტირებელი ვიდეო და აუდიო მასალის გამოქვეყნება, რომლის თანახმადაც ბადრი პატარკაციშვილი და მისი მოკავშირეები ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ. აუდიო ჩანაწერში პატარკაციშვილი 100 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, ერეკლე კოდუას მასთან თანამშრომლობის, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ”ნეიტრალიზების” საქმეში დახმარების სანაცვლოდ.   


27 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში პატარკაციშვილი ასევე ცდილობს ახსნა-განმარტება მისცეს საზოგადოებას ჩანაწერებთან დაკავშირებით. ”მე მინდოდა გადამეხადა ფული იმაში, რომ ხელისუფლებას ჩემი ხალხისთვის არ ესროლა, ხოლო ისინი კი ფულის გადახდას ჩემს მოკვლაში აპირებდნენ,”- აღნიშნავს პატარკაციშვილი. იგი იმ აუდიო ჩანაწერს გულისხმობდა, რომელშიც სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომელი ჩეჩენ მებრძოლთან პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმას განიხილავდა.  


   


 

მსგავსი/Related

Back to top button