ახალი ამბები

პატარკაციშვილი ხელისუფლების ბრალდებებს პასუხობს

პრეზიდენტობის კანდიდატმა და ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა დაადასტურა, რომ ის მართლაც შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს და ”დიდი ფული” შესთავაზა მას ხელისუფლებისგან ჩამოშორების სანაცვლოდ. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ეს იყო მისი გეგმის ნაწილი, რომ ემხილა ხელისუფლების განზრახვა არჩევნების გაყალბების თაობაზე და არა მისი შეთქმულების გეგმა, როგორც ამას ხელისუფლება აცხადებს.


პატარკაციშვილი ამ განცხადებაში, რომელიც ვიდეო ჩანაწერის სახით გავრცელდა, ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლებს მიმართავს. თუმცა, მიმართვა პირველად, 25 დეკემბრის საღამოს ”რუსთავი 2”-მა გაავრცელა. ”რუსთავი 2”-ის თქმით, მან ჩანაწერი სატელიტის საშუალებით მასალის გადმოცემის დროს მოიპოვა.


ვიდეო-მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც გენერალურმა პროკურატურამ 25 დეკემბერს ბადრი პატარკაციშვილის და ერეკლე კოდუას, შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. საუბარი 23 დეკემბერს ლონდონში პატარკაციშვილის სახლში შედგა.             


ერთი დღით ადრე გენერალურმა პროკურატურამ ასევე გაავრცელა ორი საუბრის ვიდეო ჩანაწერი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღანელს ვალერი გელბახიანსა და ერეკლე კოდუას შორის. ორივე საუბარი თბილისში შედგა 18 დეკემბერს და 21 დეკემბერს. ყველა ეს ჩანაწერი გენერალურმა პროკურატურამ იმ ვერსიის მხარდასაჭერად გამოიყენა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეთქმულება იგეგმებოდა. გელბახიანი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად გამოცხადდა.


თავისი ვიდეო მიმართვის დასაწყისში პატარკაციშვილი მადლობას უხდის ”იმედის” თანამშრომლებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ ”მართალი ინფორმაციის” გავრცელების გამო.


”მე ასევე მინდა გითხრათ: ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ამ ხელისუფლების შეცვლას, აუცილებლად ქართველი ხალხი მიიღებს იმ დემოკრატიულ ხელისუფალს, რომელიც მას სჭირდება და არა აქვს მნიშვნელობა, ეს ბადრი პატარკაციშვილი იქნება, თუ ლევან გაჩეჩილაძე ან დავით გამყრელიძე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეჟიმი წავიდეს და დაანებოს ქვეყნის მართვას თავი თავისი კრიმინალური მეთოდებით,” – განაცხადა პატარკაციშვილმა.


შემდეგ მან მადლობა გადაუხადა News Corporeation-ს ”იმედის” მართვის ხელში აღებისთვის ”ამ ძალიან რთულ ვითარებაში, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული”.


პატარკაციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მასთან დაპირისპირება ”იმედის” ”მართალი სიტყვის” გამო დაიწყო. შემდეგ მან გაიხსენა, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ხელისუფლებასთან. თუმცა, მისი თქმით, ყველაფერი შეიცვალა 2005 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ. პატარკაციშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი დათანხმდა ტელეკომპანია ”მზეში” საკუთარი აქციების 100% გაესხვისებინა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სთხოვა ამის შესახებ. მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მას 1 მილიარდი აშშ დოლარი შესთავაზა ”იმედის” სანაცვლოდ, მაგრამ ”მე ვთქვი, რომ იმედი არ იყიდება”.


პატარკაციშვილმა განუცხადა ”იმედის” თანამშრომლებს, რომ იგი ბოლო დროს თვალს ადევნებს იმ ”თვითშეზღუდვას”, რომელიც ”იმედის” ჟურნალისტებს შორის იგრძნობა. ”ჩემი რეკომენდაცია იქნება: იყავით ისეთივე ლაღები, როგორიც იყავით და ნურავითარ შემთხვევაში ნუ შეიზღუდებით, ნუ შეგაშინებთ ეს ხელისუფლება,” – განაცხადა პატარკაციშვილმა.


შემდეგ მან საუბარი განაგრძო საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებზე. პატარკაციშვილის თქმით, ამის მიზანი იყო მისი იმ განცხადებების გადაფარვა, რომ ხელისუფლება მის ლიკვიდაციას გეგმავდა.  


”ვალერი გელბახიანმა მითხრა, რომ ჰქონდა კოდუასთან შეხვედრა. კოდუას მიღებული აქვს დავალება დღევანდელი ხელისუფლებისგან, რათა ორი სატვირთო მანქანა ფალსიფიცირებული ბიულეტენები მიიტანოს და ჩაყაროს საარჩევნო ურნებში,” – განაცხადა პატარკაციშვილმა, ”გელბახიანმა ასევე მითხრა, რომ კოდუა მზად არის მომელაპაროს მე და დიდი ფულის სანაცვლოდ ეს ინფორმაცია გამოამზეუროს და გახადოს სახალხო. მე, რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ ეს არის პროვოკაცია, მაგრამ 1% თუ არსებობდა შანსი იმისა, რომ ეს სიმართლე ყოფილიყო, მე რა თქმა უნდა ამას გამოვიყენებდი იმიტომ, რომ ეს თავიდან აგვაცილებდა ქვეყნის გახლეჩვას და სისხლის დაღვრას, დაპირისპირებას ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, მე დავთანხმდი, რომ გადამეხადა ფული იმაში, რომ მათ თქვენთვის არ ესროლათ”.


აუდიო ჩანაწერში, რომელიც გენერალური პროკურატურის თქმით, კოდუამ ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობით ჩაიწერა, სოდ-ის უფროსი 100 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ნეიტრალიზების სანაცვლოდ. 


”ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, თუ რა ფორმით შეძლებდა ის ჩვენ დახმარებას,” – განაცხადა პატარკაციშვილმა, ”მან [კოდუამ] მითხრა, რომ 10 ათასი კაციდან, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროში, 7 ათასი, მათ შორის ორი სპეცრაზმის ბატალიონი, მის დაქვემდებარებაშია. ეს არის 70% იმ შემადგენლობისა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროშია და რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს ხალხს [არჩევნების გაყალბების შემდეგ]. ჩემი შეთავაზება იყო, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ადამიანები განეიტრალდნენ და გადავიდნენ ხალხის მხარეზე და არავითარ შემთხვევაში ხალხს არ დაუპირისპირდნენ. ამიტომ, მე მზად ვიყავი გადამეხადა კოდუასთვის სერიოზული თანხა, რომ თქვენთვის ის ყოფილიყო გმირი და რეალურად ყოფილიყო ის ადამიანი, რომელიც გამოავლენდა ამ ხელისუფლების სერიოზულ გაყალბების მცდელობას”.


პატარკაციშვილის განცხადებას მაშინვე გამოეხმაურნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც განაცხადეს, რომ ბიზნესმენმა ფაქტიურად აღიარა შექთმულების გეგმა. ”მან ფაქტიურად დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ.   


 

მსგავსი/Related

Back to top button