
პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავებს აქებს და უცხოურ მხარდაჭერაზე საუბრობს
პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ შეთქმულების გეგმებზე გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების გამო ქართველი სამართალდამცავების მუშაობა შეაქო და ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ”ასევე არის დიდი დახმარება და მხარდაჭერა ჩვენი მეგობრებისა საზღვარგარეთიდან”.
ეს განცხადება გურგენიძემ დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ბოლო ორ დღეში ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე იმსჯელეს.
24 და 25 დეკემბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები ერთ შემთხვევაში, დეპუტატ ვალერი გელბახიანს და სოდ-ის უფროსს ერეკლე კოდუას და მეორე შემთხვევაში, პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილსა და კოდუას შორის ლონდონში შემდგარი შეხვედრისა, სადაც საუბარია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების გეგმებზე. პროკურატურაში უკვე აღძრულია საქმე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე.
”ყველა ადამიანმა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ მოქმედებებში, უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას, პირველ რიგში, სერიოზულ კითხვებზე, რომელიც გაჩნდა ჩანაწერებთან დაკავშირებით,”- განუცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ.