ახალი ამბები

სააკაშვილი პოლიტიკურ გუნდში დაგეგმილ ცვლილებებს ადასტურებს

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგი თავის პოლიტიკურ გუნდში ცვლილებების განახორციელებს. მან ასევე პირობა დადო, რომ უარს იტყვის რადიკალურ სტილზე.


ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-დან ტელეხიდის საშუალებით მოსკოვში, ნიუ-იორკში და პარიზში მცხოვრებ ემიგრანტებთან საუბრისას სააკაშვილმა აღიარა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მისი ადმინისტრაცია ზედმეტად რადიკალურ პოზიციაზე იდგა, რაც შეცდომა იყო. ვიდეო-კონფერენციის ჩაწერილი და რედაქტირებული ვერსია ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა გაუშვა.


”არჩევნების შემდეგ, მე ვფიქრობ, პოლიტიკური გუნდის სერიოზული გადახალისება უნდა მოვახდინოთ; მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული,” – განაცხადა სააკაშვილმა და შემდეგ დასძინა, რომ მან ”უდიდესი გამოცდილება შეიძინა გუნდის შერჩევაში” ბოლო ოთხი წლის მანძილზე.


მან ეს განცხადება გააკეთა იმ კითხვის საპასუხოდ, რომ დაესახელებინა მისი სამი დიდი შეცდომა, რომელთაც ხელახლა არჩევის შემთხვევაში არ გაიმეორებდა.


სააკაშვილის თქმით, მას ხშირად უნანია, რომ გააკეთა ზოგიერთი განცხადება. ”ზოგ შემთხვევაში, სადაც არ იყო საჭირო ზედმეტი კატეგორიულობა, ალბათ ბევრგან შეიძლებოდა უფრო რბილად საკითხების არტიკულირება და მათი გადაწყვეტა,” – განაცხადა სააკაშვილმა.


”არა მგონია, რომ რეფორმები თავს უნდა მოახვიო საზოგადოებას,” – განაცხადა მან, ”არა მგონია, რომ შესაძლებელია რაიმეს გაკეთება ავტორიტარული მეთოდებით, რომ აიძულო ვინმე გააკეთოს რაღაც. ხალხი უნდა გამოგვყვეს და ჩვენ უნდა ავუხსნათ ხალხს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ. ეს არის რეცეპტი ნამდვილი და წარმატებული რეფორმებისა. და ამ რეფორმების კიდევ ერთი რეცეპტია დემოკრატია”.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რეფორმების პროცესში შეცდომები იქნა დაშვებული, რადგანაც მოხდა იმ პირების პრობლემების უგულებელყოფა, ვისთვისაც ეს რეფორმები ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა.


”რეფორმები იყო მტკივნეული. ეს დაკავშირებული იყო ბევრი ადამიანის შემცირებასთან და რა თქმა უნდა, ხდებოდა უსამართლობები,” – განაცხადა მან, ”ჩვენ ბევრად უფრო სენსიტიური უნდა ვყოფილიყავით ცალკე აღებული უსამართლობის მიმართ. შეიძლება ასი გადაწყვეტილება სწორი მიიღო და ერთი ისეთი აღმოჩნდეს, რომ ყველაფერი დაგინგრიოს. და თუ ეს ერთი აღმოჩენილია და ამას ყურადღება არ მივაქციეთ, ეს დიდი მინუსია და ასეთი რამ მომხდარა”.


თუმცა, სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა ამ ოთხ წელიწადში და შეცდომებზეც ბევრი ისწავლა.


”ჩვენი ქვეყანა ახლა იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის ენდოს: იმ ხალხს, ვისაც აქვს გამოცდილება, მათ შორის უარყოფითი გამოცდილებაც, მაგრამ აღიარებს, რომ ეს არის უარყოფითი გამოცდილება და უნდა შეცვალოს; თუ იმ ადამიანებს, ვისაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს და ვინც ყველა შეცდომას ხელახლა დაუშვებს მომავალში,” – განაცხადა სააკაშვილმა.


იგი ასევე შეეცადა ოპოზიციისადმი თანამშრომლობის განწყობა გამოევლინა და განაცხადა:


”მე არ გავაზვიადებდი საპროტესტო აქციების საფრთხეს,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მიუხედავად შედეგისა, ჩვენ ყველა ჩვენ ოპონენტს უნდა გავუწოდოთ ხელი, მიუხედავად მათი ახლანდელი რიტორიკისა – არჩევნების წინ ყოველთვის არის მკაცრი რიტორიკა, მათ შორის ძალიან რადიკალური, მათ შორის მიუღებელი – ჩვენ გავუწვდით ყველას ხელს, ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს ყველას ხელისუფლება, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველას ინტეგრაცია მოვახდინოთ სხვადასხვა კუთხით”.     


სააკაშვილის ამ პოზიციას წინ უძღოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებული განცხადება. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობაში და პოლიტიკურ გუნდში ცვლილებები იგეგმება.


ამ განცხადებებამდე გაჩნდა ვარაუდები, რომ გარკვეული საკადრო გადახალისება იყო მოსალოდნელი. ეს ვარაუდები ძირითადად იმ გავლენიანი პირების პოლიტიკური არენიდან გაუჩინარებამ განაპირობა, რომლებსაც რადიკალური პოზიცია ეკავათ ნოემბრის მოვლენების დროს.


ბოლო დროს დეპუტატ გიგა ბოკერიას საჯარო აქტიურობის თვალშისაცემი კლება წინააღმდეგობაში მოდის იმ წამყვან როლთან, რომელიც მას ბოლო წლების განმავლობაში ეკავა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე ასევე გაუჩინარდნენ ბოლო დროს ტელე-ეკრანებიდან.


 



 

Back to top button