
ოპოზიცია სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფს შეხვდა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფმა და ოპოზიციამ 22 დეკემბერს მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივად გადაამოწმონ დარღვევის ყველა ფაქტი და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ მათზე.
სამთავრობო ჯგუფი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანეობით დღეს ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტები განიხილა.
”კარგი იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და მე მგონია, რომ ამ შემადგენლობით უნდა შევძლოთ მიღწევა, რომ ვიდრე ხმამაღლა გახმოვანდება რაიმე პრეტენზია, ჯგუფამდე მოვიდეს ეს ინფორმაცია და თუ თქვენ დარწმუნდებით იმაში, რომ ჯგუფი მართლაც ადეკვატურად რეაგირებს ამ ინფორმაციაზე, გადაამოწმებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ამას,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე, ”შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ერთობლივადაც ვთქვათ იქ, სადაც დადასტურდება, რომ რაიმე პრობლემასაც ადგილი ქონდა”.
”სამუშაო ჯგუფის ძირითადი დატვირთვა არ არის კონკრეტული დარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება. უფრო მნიშვნელოვანი არის ტენდენციების გამოკვეთა და რეკომენდაციების შემუშავება, რათა მთავრობას ჰქონდეს საშუალება აღკვეთოს ამგვარი შემთხვევები შემდგომში,” – განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატული პარტიიდან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიცია აპირებს დარღვევების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს სამთავრობო ჯგუფს, რომლისგანაც რეაგირებას არჩევნებამდე ელოდება.
”ჩვენ კიდევ ერთხელ დაველოდებით რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ჩვენ ამ შანს ხელისუფლებას 5 იანვრამდე დაუტოვებთ, თუ ისინი ოდნავ მაინც 1%-ით მაინც არიან მზად სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად,” – განუცხადა კუკავამ ჟურნალისტებს, ”მათ უნდა გამოიყენონ ეს შანსი. თუ 5 იანვრამდე ეს შანსი არ იქნება გამოყენებული, ბუნებრივია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები უკვე შესაძლებელი იქნება განვითარდეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ჯობია რომ არ განვითრდეს”.