ახალი ამბები

პატარკაციშვილი ეჭვმიტანილი აღარ არის – პროკურატურა

ბიზნესმენი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი აღარ არის ეჭვმიტანილი ხელისუფლების დამხობის მცდელობაში, განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ 20 დეკემბერს.


გადაცემა ”პრაიმთაიმთან” პირდაპირ ეთერში საუბრისას გვარამიამ განაცხადა, რომ გამოძიება დაგეგმილ შეთქმულებასთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს; თუმცა, პატარკაციშვილზე ამჟამად სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. 


”გამოძიება [ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობის თაობაზე] მიმდინარეობს პატარკაციშვილი ეჭვმიტანილი იყო ამ საქმეში; თუმცა, ამ ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს,” – განაცხადა გვარამიამ.


გვარამიამ განაცხადა, რომ პატარკაციშვილს ეჭვმიტანილის სტატუსი ავტომატურად მოეხსნა, რადგანაც მას 30 დღის მანძილზე არ წაუყენეს ბრალი. კანონის თანახმად, გამოძიებამ პიროვნების ეჭვმიტანილად ცნობიდან 30 დღის ვადაში უნდა წაუყენოს მას ბრალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ეჭვმიტანილის სტატუსი ეხსნება.


გენერალურმა პროკურატურამ 7 ნოემბერს ოფიციალურად ცნო პატარკაციშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ეჭვმიტანილად.  თუმცა, ამის შესახებ განცხადება მხოლოდ ორი დღის შემდეგ, 9 ნოემბერს გამოქვეყნდა.


გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ პატარკაციშვილის შტაბის მოთხოვნა უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების უზრუნველყოფის თაობაზე უაზრობაა, რადგანაც  ამის საფუძველი არ არსებობს.


დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა, რომელიც პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელია, 20 დეკემბერს განაცხადა, რომ პატარკაციშვილი ჯერ არ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას, რადგანაც მას არ აქვს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები.


მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ პატარკაციშვილს ჩამოსვლისთანავე დააპატიმრებენ და თავისი ამ განცხადების დასამტკიცებლად მან ჟურნალისტებს უჩვენა ვიდეომასალა, სადაც გადამდგარი პოლკოვნიკი რევაზ ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ მას პატარკაციშვილის წინააღმდეგ ყალბი ჩვენება მიაცემინეს, რათა შემდეგ ხელისუფლებას გაემართლებინა პატარკაციშვილის დაგეგმილი დაპატიმრება.


ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ ის 12 ნოემბერს დააპატიმრეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც აიძულეს ყალბი ჩვენების მიცემა, თითქოსდა პატარკაციშვილი შეთქმულებისთვის იარაღის შეძენას აფინანსებდა.  


თუმცა, ნიკა გვარამიამ უარყო ეს განცხადება და მას ”არასწორი” უწოდა.


”ეს პიროვნება [ჩაკვეტაძე] არასოდეს ყოფილა დაპატიმრებული,” – განაცხადა გვარამიამ, ”ამიტომ ის ვერ მისცემდა ჩვენებას ვინმეს წინააღმდეგ”.


მან კიდევ ერთხელ გაახმოვანა ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ პატარკაციშვილისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემა შეუძლებელია, რადგანაც ამას კანონი არ ითვალისწინებს. 


”კანონი არ ითვალისწინებს რაიმე დამატებითი გარანტიების მიცემას,” – განაცხადა გვარამიამ, ”კანონი უზრუნველყოფს იმუნიტეტს პრეზიდენტობის კანდიდატისთვის და ამის გარდა კანონი რაიმე სხვა დებულებას არ ითვალსწინებს”.


დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან და მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პატარკაციშვილის მოთხოვნა მისი ”წინასაარჩევნო ხრიკი” იყო.


პატარკაციშვილის შტაბს საარჩევნო კოდექსის ის დებულება აშფოთებს, რომელიც ამბობს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) შეუძლია, ხმათა უმრავლესობით მოუხსნას კანდიდატს იმუნიტეტი, თუ გამოძიება ამისათვის საფუძვლიან მიზეზს წარადგენს.
 


 


 

Back to top button