ახალი ამბები

საია: სააკაშვილი და პატარკაციშვილი უნდა გამოეთიშონ საპრეზიდენტო მარათონს

პრეზიდენტობის კანდიდატებმა მიხეილ სააკაშვილმა და ბადრი პატარკაციშვილმა დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი და ისინი უნდა გამოეთიშონ საპრეზიდენტო მარათონს, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 20 დეკემბერს.


საია-მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ჩამოართვას ორივე კანდიდატს, სააკაშვილს და პატარკაციშვილს, საპრეზიდენტო კანდიდატების სტატუსი, რადგანაც ისინი ამომრჩეველთა მოსყიდვას ახორციელებენ.  


საია-ს ცნობით, სააკაშვილმა, სულ ცოტა, ორჯერ დაარღვია კანონი – ერთხელ 8 დეკემბერს, როდესაც მან ერთ-ერთ ახალგაზრდას კომპიუტერი გადასცა, ხოლო  მეორედ, როდესაც მისმა საარჩევნო შტაბმა 250 000 საარჩევნო ბუკლეტი დაბეჭდა და თითოეულ მათგანს მოყვებოდა სამი უფასო ბილეთი აჭარის გასართობ პარკში.


საია-ს განცხადებით, პატარკაციშვილმა მაშინ დაარღვია კანონი, როდესაც ის დაპირდა ამომრჩევლებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში 1,5 მილიარდ ლარს დახარჯავდა საკუთარი სახსრებიდან მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად, ასევე უმუშევრებისთვის კომპენსაციების გადასახდელად.  


საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო კამპანიის დროს  იკრძალება ” საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით ამომრჩევლებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე ამომრჩევლების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით”.

Back to top button