
პლებისციტის კითხვის ფორმულირება შეთანხმებულია
ხელისუფლებამ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებული პლებისციტის კითხვის ფორმულირებასთან დაკავშირებით.
“ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და კითხვა შემდეგნაირად იქნება ფორმულირებული: ეთანხმებით თუ არა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გაზაფხულზე?” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 19 დეკემბერს.
ტყეშელაშვილმა ამის თაობაზე ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის სამთავრობო ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
პლებისციტის შედეგების გათვალისწინება – რეფერენდუმისგან განსხავებით – სავალდებულო არ არის. კანონის თანახმად, კითხვა იმგვარად უნდა იყოს დასმული, რომ მისი პასუხი იყოს მარტივი – “კი” ან “არა”. პლებისციტი 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური საკითხია, კითხვის ფორმულირება უთანხმოების წყარო გახდა, რადგანაც ოპოზიცია ითხოვდა, რომ კითხვაში სიტყვა “გაზაფხული” ჩაწერილიყო, მაშინ როცა ხელისფლებას “შემოდგომის” ჩაწერა სურდა.
ხელისუფლებას სურს, რომ არჩევნები 2008 წლის ბოლოს ჩატარდეს, მაშინ როცა ოპოზიცია არჩევნების ვადად 2008 წლის გაზაფხულს ასახელებს, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებდა 2006 წლის დეკემბერში ცვლილებების შეტანამდე.