2008 წლის ბიუჯეტში 275 ათასი ლარის პროფიციტი იგეგმება – გურგენიძე
2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება პროფიციტული და მისი ოდენობა 275 000 ლარს შეადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 19 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე.
“მინდა მოგილოცოთ ყველას, რომ მიუხედავად იმ ვითარებისა, რომ ჩვენ ბოლო თვეებში საინვესტიციო პაუზა გვქონდა, საქართველოს მთავრობამ შეძლო ის, რომ თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ 2008 წლის ბიუჯეტი დაგეგმა პროფიციტულად, ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, გარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტანდარტისა,” – განაცხადა გურგენიძემ, ”ჩვენ გვაქვს დაგეგმილი პროფიციტი 275 000 ლარის ოდენობით. პროფიციტული ბიუჯეტი, ჩემი აზრით, პირველად მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში”.
მან ასევე განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტში აისახება ყველა ის სოციალური პროგრამა, რომელიც ბოლო დროს ხელისუფლებამ გაახმოვანა. ”ყველა ეს პროგრამა ასახულია ბიუჯეტში, რადგანაც ჩვენ გუაგებარ, ეფემერულ დაპირებებს არ ვიძლევით,” – განაცხადა გურგენიძემ.
17 დეკემბერს მან განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს მომავალ წელს გაზარდოს ხარჯები სოციალურ პროგრამებზე ”დაახლოებით 400 მილიონი ლარით”. მანამდე კი მან განაცხადა, რომ იგეგმებოდა თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება.
2008 წლის ბიუჯეტის დანარჩენი მაჩვენებლები ჯერჯერობით უცნობია.
22 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ლადო გურგენიძემ პირობა დადო, რომ 2009 წლისთვის ბიუჯეტი პროფიციტული იქნება.
”პროფიციტულ ბიუჯეტს საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს. სტაბილური განვითარება წარმოუდგენელია პროფიციტული ბიუჯეტის გარეშე,” – განუცხადა მან დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის პრიორიტეტზე საუბრისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)