ახალი ამბები

ახალი მემარჯვენეები სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფს უნდობლობას უცხადებენ

პრეზიდენტობის კანდიდატის დავით გამყრელიძის პარტია ახალი მემარჯვენეები უნდობლობას უცხადებენ უწყებათაშორის სამთავრობო ჯგუფს, რომელიც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების  უზრუნველყოფის მიზნით შექმნა.


”ხელისუფლებამ, რომელსაც უკვე ყველა ბერკეტი აქვს ამოქმედებული იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბოს და წინასაარჩევნო კამპანია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის აშკარა დარღვევით ტარდება, წარმოუდგენელია, რომ მათ ასეთი კომისია მართლაც სჭირდებოდეთ იმისთვის, რომ არჩევნებმა გაყალბების გარეშე ჩაიაროს,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა , დეპუტატმა მანანა ნაჭყებიამ, ”ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ასეთ კომისიასთან თანამშრომლობას აზრი არ აქვს”.


სამთავრობო ჯგუფმა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობს, უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა. სამთავრობო ჯგუფს დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების უნდა შეხვედროდნენ, თუმცა შეხვედრა არ შედგა.


მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ოპოზიციამ თავად გამოთქვა ჯგუფთან შეხვედრის სურვილი, თუმცა ეს დღეს ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ მათი ნაწილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებს სტუმრობდა, ნაწილმა კი უნდობლობა გამოაცხადა.


”თუ არ ვცდები ჩვენ ხვალ გვაქვს ეს შეხვედრა დაგეგმილი,”- განუცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებს, ”უნდობლობის საფუძველი ამ ჯგუფს ნამდვილად არ მიუცია და წინასწარ ყველაფრისადმი უნდობლობის გამოცხადებაზე მე მართლა მინდა ყველას ვთხოვო, რომ ამისგან თავი შეიკავონ”. 


დეპუტატმა ირინა ქურდაძემ მმართველი პარტიიდან, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს ხელმძღვანელობს, განაცხადა სამთავრობო ჯგუფი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

Back to top button