ახალი ამბები

პატარკაციშვილი საკუთარ 1.5 მილიარდ ლარს გამოყოფს დახმარების პროგრამებზე

ბიზნესმენი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი დაპირდა მოსახლეობას, რომ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საკუთარი სახსრებიდან 1.5 მილიარდ ლარს გამოყოფს სოციალური დახმარების პროგრამებისთვის. 


პატარკაციშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი 18 თვე იქნება ”შეხიდების ეტაპი”, მათ შორის:


• თვეში 100 კილოვატი ელექტროენერგიის საფასურის გადახდა თითოეული ოჯახისთვის. ეს თანხა თითოეული ოჯახისთვის 16 ლარს შეადგენს თვეში;
• გაზის საფასურის გადახდა იგივე რაოდენობით (16 ლარი თვეში);
• წყლის საფასურის გადახდა – 2.4 ლარი თვეში თითოეულ სულზე ოჯახში;
• ყურძნის და ციტრუსის მთლიანი მოსავლის შესყიდვა; მისი თქმით, ”ეს გლეხის ბრალი არაა, რომ [რუსეთის] ბაზარი დაიხურა”;
• დასაქმების პროგრამის დაწყებამდე, თითოეული უმუშევარი მიიღებს 600 ლარს წელიწადში.


მან ასევე პირობა დადო, რომ ახალ კანონს მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს 2008 წლის სექტემბრიდან მინიმალური ხელფასის 300 ლარამდე გაზრდას, ხოლო 2008 წლის მაისიდან პენსიების 120 ლარამდე, ხოლო ომის ვეტერანებისთვის – 150 ლარამდე გაზრდას. შობადობის ხელშეწყობისთვის, პატარკაციშვილი თითოეული ახალშობილისთვის 3 000 ლარს გამოყოფს, მეორე ბავშვისთვის 4 000 ლარს, ხოლო  მესამესთვის – 5 000 ლარს პირდება.


პატარკაციშვილის პრეზიდენტობის მეორე ეტაპი, რომელიც 18 თვის შემდეგ დაიწყება, მისი თქმით, იქნება ”გარღვევის პერიოდი”.


ამ პერიოდში, რომელიც 24 თვე გაგრძელდება, პატარკაციშვილი კომპანიებს მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას დაპირდა, რაც დასაქმებულთა რაოდენობას 20%-ით გაზრდის.


”მე გავხსნი რუსულ ბაზარს ქართული პროდუქციისთვის, მაგრამ ეს არ მოხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე,” – განაცხადა პატარკაციშვილმა, ”მე ასევე დავასრულებ გეგმას, რომელიც ზურაბ ჟვანიასთან ერთად შემუშავდა და რომელიც ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ეხება”.


სამეგრელოში თავის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ შეთანხმებას ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ არაუგვიანეს თებერვლისა მოეწერება ხელი.


პატარკაციშვილი ასევე დაპირდა ამომრჩეველს, რომ 2009 წლის მარტისთვის ქვეყანას ეყოლება მთლიანად საკონტრაქტო საფუძველზე შექმნილი პროფესიონალური არმია. 


”რასაც არ უნდა დაგპირდეთ ეს მმართველი ბანდა, რამდენი ფულიც არ უნდა შემოგვთავაზონ ბიუჯეტის განვითარებისათვის – ჩემი შენატანი იქნება 2-ჯერ მეტი. ყოველი მათი დაპირება უბრალოდ გაამრავლეთ 2-ზე,” – განაცხადა პატარკაციშვილმა.


ამ განცხადების გამოქვეყნებამდე პატარკაციშვილმა თავის დაპირებებზე 17 დეკემბერს რადიო ”იმედთან” ინტერვიუში ისაუბრა. მეორე დღეს, ათობით ადამიანი შეიკრიბა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბთან. მათი თქმით, პატარკაციშვილი ფულის დარიგებას აპირებდა. თუმცა, პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა ამ ინფორმაციას ჭორი უწოდეს.


ამასობაში, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ პატარკაციშვილის დანაპირები არის ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობა.   


”საარჩევნო კოდექსის თანახმად, დაუშვებელი არის საარჩევნო სუბიექტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა ან ასეთის გადაცემის დაპირება,” – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა 18 დეკემბერს, ”თუ ეს ადამიანი თავისი სახსრებით აპირებს ამ ყველაფრის დაფინანსებას, ეს თავისთავად ამომრჩევლის მოსყიდვით კვალიფიცირდება და შეიძლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განსჯადი გახდეს”.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ აღნიშნა, რომ ”ხალხს ძალიან კარგად ესმის წინასაარჩევნო რეკლამები და ასევე კარგად იცის დაუჯეროს მათ, თუ არა”. 


 

მსგავსი/Related

Back to top button