
”რუსთავი 2”: ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში კრიზისი გარდაუვალია
ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი იქნება ”მოვლენათა შესაძლო სცენარი” იმ შემთხვევაში, თუ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს, განაცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საკვირაო პროგრამა ”P.S.”-მა 15 დეკემბერს.
პროგრამის წამყვანმა სიუჟეტის შესავალ ნაწილში განაცხადა, რომ ამ საკითხის დეტალურმა შესწავლამ აჩვენა, რომ ლოზუნგი ”საქართველო პრეზიდენტის გარეშე თითქმის შეუსრულებადია”, რადგანაც ასეთი სურვილით შეპყრობილმა კანდიდატმა რომც გაიმარჯვოს, მას ოპოზიციურ პარლამენტთან მოუწევს მუშაობა, ხოლო 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში მას არანაირი გარანტია არ აქვს, რომ პარლამენტში მისი პარტია ისეთი უმრავლესობით მოვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გაატაროს. ამ ლოზუნგით წინასაარჩევნო კამპანიას ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე აწარმოებს, თუმცა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებიც, მათ შორის ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, ასევე ემხრობიან საპარლამენტო სისტემას და ყურადღების კონცენტრირებას კონსტიტუციურ მონარქიაზე ახდენენ.
სიუჟეტი იწყება საარქივო მასალით, სადაც მიხეილ სააკაშვილი 2004 წლის ინაუგურაციის დროს ტრიბუნასთან დგას, ხოლო ჟურნალისტი ამბობს: ”ოპოზიციის რომელი კანდიდატიც არ უნდა იდგეს ამ ტრიბუნასთან ინაუგურაციის დღეს [5 იანვრის არჩევნების შემდეგ] – შალვა ნათელაშვილი, ბადრი პატარკაციშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ირინა სარიშვილი, გია მაისაშვილი თუ დავით გამყრელიძე – შედეგი სავარაუდოდ ერთნაირი იქნება: საქართველო შესაძლოა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდეს”.
სიუჟეტის თანახმად, ამჟამინდელი პარლამენტი, რომლის უმრავლესობასაც სააკაშვილის პარტია წარმოადგენს, არ მისცემს ახალ პრეზიდენტს მისი დათხოვნის საბაბს და ახალ მთავრობასაც დაუჭერს მხარს, თუმცა პრეზიდეტის სხვა ინიციატივებს შეეწინააღმდეგება. პრეზიდენტს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი, თუ ეს უკანასკნელი სამი მცდელობის შედეგად ვერ შეძლებს მთავრობის დამტკიცებას ან სამჯერ ჩააგდებს სახელმწიფო ბიუჯეტს.
”თუ ახალმა პრეზიდენტმა პარლამენტი ვერ დაითხოვა და ვერც მასთან შეთანხმება შეძლო, სახეზე იქნება პოლიტიკური კრიზისი ისეთივე, როგორიც დღეს უკრაინაშია, როცა პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტი ვერაფერზე ვერ თანმხდებიან,” – აცხადებს ჟურნალისტი.