
სააკაშვილი პრიორიტეტებზე საუბრობს
პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო ხუთი წლის მანძილზე სამჯერ გაიზრდება და შედეგად შესრულდება მისი საარჩევნო ლოზუნგი – ”საქართველო სიღარიბის გარეშე”.
სააკაშვილმა ეს განცხადება 16 დეკემბერს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე გააკეთა. მისი დაახლოებით ნახევარსაათიანი გამოსვლა სამმა ტელეკომპანიამ (რუსთავი 2, მზე და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი) გადასცა, ხოლო ტელეკომპანია ”იმედმა” მხოლოდ მცირე ნაწილი გააშუქა.
სააკაშვილის გამოსვლა ძირითადად ქვეყნის სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე იყო გათვლილი და ხელისუფლების იმ პოლიტიკას შეეხებოდა, რომელიც სოციალური საკითხების მოგვარებისკენაა მიმართული.
”მე მჭირდება სწორედ ამ ხალხის [სოციალურად დაუცველი ფენის] მხარდაჭერა, რადგანაც ჩემი პრეზიდენტობა [მეორე ვადით] გეძღვნებათ თქვენ,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”დღეს ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს უკეთესად, ვიდრე ოთხი წლის წინ. და შეიძლება მათი ხმებიც საკმარისი იქნებოდა რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოგვეგო, მაგრამ მე არ მინდა ხმა მომცეს მხოლოდ იმან, ვინც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრება საგრძნობლად გაიუმჯობესა. ასეთი ადამიანი ბევრია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მათი ნაწილი უკვე ცხოვრობს უკეთეს, უფრო მდიდარ საქართველოში – ყოველ შემთხვევაში, საქართველოში სიღარიბის გარეშე”.
”მაგრამ მე, პირველ რიგში, მინდა ხმა მომცეს იმ ხალხმა, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს, ვისთვისაც ჯერ არ დამდგარა სულის მოთქმის მომენტი, ვინც ჯერ კიდევ ელოდება ნანატრ დღეს, როდესაც გაუჩნდება სამსახური და დაიწყებს ღირსეულ ცხოვრებას. მე მივმართავ იმ ხალხს, ვინც ჯერ კიდევ ცხოვრობს იმ საქართველოში, რომელიც უნდა გათავისუფლდეს სიღარიბისგან … მინდა, რომ ყველას, ვისაც დღეს გიჭირთ, გქონდეთ ჩემი იმედი და ირწმუნოთ, რომ მე გაგიყვანთ სამშვიდობოზე და ჩემი დაწყებული საქმე დამთავრდება თქვენი სიღარიბის და გაჭირვების მარცხით. ჩვენი დაწყებული გზა მიგვიყვანს საქართველომდე სიღარიბის გარეშე. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ შევძლებთ ამას,” – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ სურს იმედი მისცეს იმ ადამიანებს, ”ვისაც გჭირდებათ, მაგრამ არ გაქვთ სამსახური, ვისაც გჭირდებათ მკურნალობის ფული და ელემენტარული საშუალება არა გაქვთ რომ ექიმს მიმართოთ, ვისაც იმის ფულიც კი არ გაქვთ, რომ ბავშვებს სახელმძღვანელოები უყიდოთ. მე მინდა, პირველ რიგში, ამ ხალხს მივცე იმედი”.
მან ასევე აღიარა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები ”ძალიან მტკივნეული იყო”. ”ჩემთვის ნათელი იყო, რომ ეს რთული გზა იყო, მაგრამ ადვილი რეფორმები არ არსებობს. ყველა ამ რეფორმას ერთი მიზანი ჰქონდა – იმ დროსთან მიახლოება, როდესაც რეალური გახდებოდა სიღარიბესთან ბრძოლის დაწყება,” – განაცხადა მან.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”საქართველო სიღარიბის გარეშე” მისი კამპანიის მთავარი დევიზია და აღნიშნა, რომ წინა წლებში მისი მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით იყო დაკავებული, რამაც თანდათან შესაძლებელი გახადა ”სიღარიბესთან რეალური ბრძოლის დაწყება”.
”საქართველოს სიღარიბის გარეშე ჩემი და ჩემი პოლიტიკური პარტნიორების მთავარი მიზანი იყო დიდი ხნის მანძილზე,” – განაცხადა მან, ”მე ამ მიზნისთვის ბრძოლა მაშინ დავიწყე, როდესაც ჩვენი დევიზი იყო ”საქართველო შევარდნაძის გარეშე” [2003 წელს], რადგანაც მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შევარდნაძე ნიშნავდა მუდმივ სიღარიბეს ჩემი ქვეყნისთვის. მე დავიწყე ბრძოლა ამ მიზნისთვის, როდესაც ჩემი დევიზი იყო ”საქართველო კორუფციის გარეშე” [1999], რადგანაც მე დარწმუნებული ვიყავი, რომ კორუფცია სიღარიბის წყარო იყო; ეს იყო ჩემი მთავარი დევიზი, როდესაც მე ვაშენებდი გზებს და როდესაც ჩვენ ვებრძოდით კრიმინალურ სამყაროს… ყველა ამ ქმედების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა სიღარიბის დაძლევა”.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო სიღარიბის გარეშე მიღწეული იქნება ეკონომიკური ზრდის საფუძველზე. ”ჩემი მომავალი პრეზიდენტობის ვადაში საქართველოს ეკონომიკა გახდება 30 მილიარდი აშშ დოლარი, სამჯერ მეტი, ვიდრე ახლაა. როდესაც ჩვენ ძალაუფლებაში მოვედით, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა,” – დასძინა მან.
პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ”680 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი” უზრუნველყოფილი იქნება ”უფასო ჯანდაცვის პაკეტით”, რაც ასევე მოიცავს თითოეული ადამიანისთვის 12 000 ლარის ღირებულების ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის გამოყოფას.
სააკაშვილის თქმით, მისი სოციალური პროგრამა ასევე შეიცავს სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივ პროექტს, რომელიც ათას სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის თითოეულ ახალშობილზე 1 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, ”რაც ნიშნავს, რომ ეს [თანხა] საქართველოში ყოველ მესამე ახალშობილზე გამოიყოფა”.
იგი ასევე დაპირდა ამომრჩეველს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მინიმალური პენსია 100 დოლარამდე გაიზრდება.
”საქართველო სიღარიბის გარეშე ნიშნავს ჩემ ახალ სოციალურ პოლიტიკას. პირველ რიგში, ეს ნიშნავს მინიმალური პენსიის გაზრდას 100 დოლარამდე. მინიმალური პენსია უკვე გაიზარდა [38 ლარიდან] 55 ლარამდე [დეკემბრიდან]; მომავალ წელს [ოქტომბრიდან] ეს მაჩვენებელი 76 ლარამდე გაიზრდება და მომდევნო წელს [2009 წელს] ის 100 დოლარი გახდება,” – განაცხადა სააკაშვილმა.
საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლება მომავალი წლიდან ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას აპირებს ასევე ახალი პროგრამის დაწყებით, რომელიც იაფი კრედიტების გაცემას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს ინიციატივა ექვსი ძირითად კომპონენტს ეფუძნება.
”პირველი ეს არის ”საგადასახადო კრედიტი” ახლად შექმნილი საწარმოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ 2008 და 2009 წელს ყველა ახლად შექმნილი საწარმო მიიღებს საგადასახადო კრედიტს – 2000 ლარის გადასახადებს ისინი არ გადაიხდიან შემდეგი ათის წლის განმავლობაში… ამ მიზნით საქართველოს ბიუჯეტიდან 120 მილიონი ლარი გამოიყოფა,” – განაცხადა მან.
მეორე კომპონენტი, მისი თქმით, გულისხმობს რეინვესტირების მიზნით კრედიტების გამოყოფას ხუთწლიანი განვადებით, მაქსიმუმ 10%-იანი განაკვეთით, რაც ჯამში 100 მილიონ ლარს შეადგენს.
მესამე კომპონენტია ექსპორტის წახალისების პროგრამა. ამ მიზნით 25 მილიონი ლარი გამოიყოფა.
”მეოთხე კომპონენტია 25-წლიანი 4%-იანი კრედიტები პრიზის სახით საუკეთესო ბიზნეს-გეგმისთვის, რისი შერჩევაც კონკურსის საფუძველზე მოხდება. კრედიტის მოცულობა იქნება 5-დან 100 ათას ლარამდე,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მეხუთე კომპონენტი, მისი თქმით, არის იაფი კრედიტები ”რეგიონალური განვითარებისთვის”, ხოლო მეექვსე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ითვალისწინებს. ”ასობით ტრაქტორი” გადაეცემა სოფლის მოსახლეობას 15-წლიანი განვადებით, განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს გადაქცევა შავი ზღვის რეგიონის ბიზნეს-ცენტრად. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მნიშვნელობას.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის მომავალ ვადაში შეიქმნება პირობები, სადაც თითოეული მოქალაქე ”მიუხედავად ასაკისა” შეძლებს ”ღირსეული სამუშაოს” მოძიებას.
მან იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, სახელმწიფო სექტორიდან ბევრი ასაკოვანი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. ”სამწუხაროდ, ეს მოხდა ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის გულცივობის გამო,” – განაცხადა სააკაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ ეს მომავალში აღარ უნდა განმეორდეს.