
ხელისუფლება და ოპოზიცია პლებისციტის კითხვის ფორმულირებაზე ვერ თანხმდება
საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებული პლებისციტის კითხვის ფორმულირება ვერ შეათანხმეს დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
შეხვედრას მრეწველების, დემოკრატიული ფრონტისა და ახალი მემარჯვენეების ლიდერებთან ზურაბ ტყემალაძესთან, კახა კუკავასთან და მამუკა კაციტაძესთან ერთად ასევე ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერიც, დეპუტატი გიგა ბოკერია.
პლებისციტი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად იგეგმება, რომლის დროსაც ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს ურჩევნია საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს შემოდგომაზე, როგორც ეს ხელისუფლებას სურს და ამჟამინდელი კონსტიტუციური ნორმა ითვალისწინებს; თუ გაზაფხულზე, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ამ მოწვევის პარლამენტს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადა სწორედ ამ დროს ეწურება.
თუმცა კითხვა ამ ტიპის ფორმულირებით პლებისციტზე ვერ დადგება, რადგან ამომრჩეველმა ბიულეტენში უნდა შემოხაზოს პასუხი – კი ან არა.
ამდენად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, გავრცელებული ინფორმაციით, დავის საგანს წარმოადგენს კითხვის ფორმულირებაში დომინირებდეს სიტყვა ”შემოდგომა” თუ ”გაზაფხული”.
”გვექნება კიდევ კონსულტაციები და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში მაინც საერთო ენას საბოლოოდ გამოვნახავთ,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ გიგა ბოკერიამ.
5 იანვრის პლებისციტზე მოსახლეობამ ასევე უნდა უპასუხოს მეორე შეკითხვას – უჭერს თუ არა მხარს ნატოში ინტეგრაციას.