ახალი ამბები

ოქრუაშვილის პარტია ოფიციალურად დაფუძნდა

დღეს ოპოზიციური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი  საპატიო თავმჯდომარედ, ხოლო დეპუტატი გია თორთლაძე პარტიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.   


ოქრუაშვილი ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიმართვის საფუძველზე ბერლინის ციხეშია დაკავებული. 6 იანვრამდე გერმანიის სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე. იმავროულად, ოქრუაშვილი გერმანიის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს, რადგან თავს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.


ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი ოპოზიციური მოძრაობის შექმნის შესახებ პირველი განცხადება 25 სექტემბერს გააკეთა. იმავე დღეს მან სკანდალური განცხადებები გააკეთა ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რასაც მინისტრობის პერიოდის ბრალდებების გამო მისი დაჭერა და მოგვიანებით გირაოთი გათავისუფლება მოჰყვა. 


ამ მოვლენებმა ბიძგი მისცა ნოემბერში საპროტესტო ტალღის აგორებას, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოსტიდან გადადგა და რიგგარეშე არჩევნები 5 იანვარს დანიშნა.


მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის შედის ცხრა ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button