
”არჩევნების გაყალბება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება” – ბურჯანაძე
არჩევნების გაყალბება ”პოლიტიკური თვითმკვლელობის” ტოლფასი იქნება და ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 14 დეკემბერს.
მისი თქმით, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ აქტიურ საარჩევნო კამპანიას ახორციელებს, რათა უზრუნველყოს მისი გამარჯვება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში.
”მან [სააკაშვილმა] უკვე ხმაც კი დაკარგა იმ უამრავი შეხვედრების გამო, რომელსაც ყოველდღიურად ატარებს,” – განაცხადა ბურჯანაძემ, ”ნამდვილად არ შევიწუხებდით თავს ასე, არჩევნების გაყალბებას რომ ვაპირებდეთ. ამას არ დავუშვებთ”.
12 დეკემბერს ბურჯანაძემ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფი შექმნა. სამუშაო ჯგუფს, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედებებს და საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან მათ ურთიერთობებს, იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს.
14 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. მან ბორჯომის ცენტრში შეკრებილ ათასობით ადგილობრივ მოსახლეს თავის სოციალურ ინიციატივებზე ესაუბრა.