
ბაქრაძე: სააკაშვილი მზად არის დებატებში მიიღოს მონაწილეობა
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი მზად არის ჩაერთოს წინასაარჩევნო დებატებში პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან, განუცხადა სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ Civil.ge-ს 14 დეკემბერს.
”ბუნებრივია პრინციპული წინააღმდეგობა და უარი ამასთან დაკავშირებით არ არის და კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული შემოთავაზების მიხედვით მიღებული იქნება გადაწყვეტილება,” – განაცხადა ბაქრაძემ, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ კონკურენტმა კანდიდატებმა მიხეილ სააკაშვილთან დებატები მხოლოდ თვითრეკლამისთვის არ უნდა გამოიყენონ.
პრეზიდენტობის კანდიდატთა უმეტესობამ, მათ შორის ოპოზიციური კოალიციიდან ლევან გაჩეჩილაძემ, ახალი მემარჯვენეებიდან დავით გამყრელიძემ და ლეიბორისტმა შალვა ნათელაშვილმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან ისურვებდნენ დებატებს.
”მე მოუწოდებდი დანარჩენ კანდიდატებს ჩაებან დებატებში და დაიწყონ დებატები და ამის შემდეგ გააკეთონ შემოთავაზება მიხეილ სააკაშვილის მისამართით,”- განაცხადა ბაქრაძემ.