ახალი ამბები

მაისაშვილი პრეზიდენტობის კონკურენტ კანდიდატებს ტელედებატებში იწვევს

პრეზიდენტობის კანდიდატი, მომავლის პარტიის ლიდერი გია მაისაშვილი კონკურენტ კანდიდატებს მოუწოდებს მიიღონ ერთმანეთთან ტელედებატებში მონაწილეობა. 


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაისაშვილის გარდა ექვსი კანდიდატია რეგისტრირებული: მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან; ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი; დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი; შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი; ირინა სარიშვილი პარტია ”იმედის” ლიდერი და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი.


”მე ვიწვევ დებატებში არა მარტო სააკაშვილს, არამეც გაჩეჩილაძეს, გამყრელიძეს, ნათელაშვილს იმისათვის, რომ საზოგადოება გრძნობდეს თავს კომფორტულად თავისი მომავალი პრეზიდენტის არჩევაში და გამოცადოს ეს კანდიდატები ამა თუ იმ საკითხზე მათ ცოდნაში,”- განაცხადა 14 დეკემბერს მაისაშვილმა.


წინასაარჩევნო დებატებს ყველა ნაციონალური ტელეკომპანია აწყობს, თუმცა ჯერ-ჯერობით პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატებს ერთმანეთთან დებატები არ გაუმართავთ. სატელევიზიო დებატებში ძირითადად პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერი პოლიტიკოსები მონაწილეობენ.

Back to top button