
ცესკოს გადაწყვეტილება დაპირისპირების კამპანიაში გადაიზარდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმდინარე კვირას პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად იქცა, რაც მმართველმა პარტიამ და მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციაზე უპირატესობის მოსაპოვებლად გამოიყენა.
საქმე ეხება ორ თემას, რომელიც ცესკოს ოპოზიციური წევრების პოზიციის გამო გახდა დებატების საგანი.
კერძოდ, 11 დეკემბერს ცესკო-ს ოპოზიციურმა წევრებმა დაბლოკეს გადაწყვეტილება ერაყსა და კოსოვოში საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე, რაც საშუალებას მისცემდა 2 000 ქართველ ჯარისკაცს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. მანამდე ცესკო-ს ოპოზიციურმა წევრებმა ამომრჩეველთა სიებში ეჭვი შეიტანეს , განაცხადეს რა, რომ ის შესაძლოა ”ხელოვნურად გაზარდა” ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბების მიზნით.
12 დეკემბერს მმართველმა პარტიამ ოპოზიცია დაადანაშაულა დაახლოებით 2 100 ქართველი ჯარისკაცისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევის გამო.
2007 წლის სექტემბერში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად, არმიის ნდობის რეიტინგი 86%-ს შეადგენს. შეიარაღებულ ძალებს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შემდეგ, ნდობის რეიტინგში მეორე ადგილი უკავია.
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი იყო კანდიდატებს შორის, რომელმაც ამ საკითხზე რეაგირება მოახდინა.
”მინდა შეშფოთება გამოვხატო ცესკოს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც უკრძალავს 2 ათას ყველაზე საუკეთესო ჯარისკაცს, ქართული შეიარაღებული ძალების ყველაზე ეფექტურ და საამაყო ბრიგადას მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში,”- განაცხადა 12 დეკემბერს სააკაშვილმა, ”ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ღირსებაზე მაღლა არ უნდა დავაყენოთ არანაირი პოლიტიკური კონიუნქტურა”.
იმავე დღეს თავდაცვის სამინისტრომ ვიდეოხიდი გამართა ერაყში ქართველ სამხედროებთან, რომლის ნაწყვეტებიც ქართულმა ტელეკომპანიებმა გაუშვეს. ”ჩვენ ყველანი გაკვირვებული ვართ იმით, რაც მოხდა,” – ამბობს ჯარისკაცი ერაყიდან, ”ვერ გაგვიგია, რატომ არ შეგვიძლია ხმის მიცემა?”
11 დეკემბერს 13-წევრიანი ცესკოს ექვსმა ოპოზიციურმა წევრმა მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილებას ერაყსა და კოსოვოში საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე. გადაწყვეტილების მიღებას კომისიის 2 წევრის ხმა დააკლდა ანუ საკმარისი არ აღმოჩნდა მმართველ პარტიის 7 წევრის მხარდაჭერა, რომლებიც უმრავლესობას შეადგენენ კომისიაში.
მათ, ვინც გადაწყვეტილებას არ დაუჭირეს მხარი, საქართველოს კონსტიტუცია მოიშველიეს, რომელიც კრძალავს არჩევნების საგანგებო და საომარი ვითარების დროს ჩატარებას.
”აბსოლუტურად არასწორია, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციამ წაართვა ქართველ ჯარისკაცებს ხმის უფლება. ამ საკითხს საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს,” – განაცხადა ცესკო-ს წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან ზურაბ მარაქველიძემ.
იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 12 დეკემბერს განაცხადა, რომ ოპოზიციის არგუმენტი უსაფუძვლოა, რადგანაც კონსტიტუციის ეს დებულება მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და არ ვრცელდება მის ფარგლებს გარეთ.
სააკაშვილის საარჩევნო შტაბმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ ერაყსა და კოსოვოში საარჩევნო უბნების გახსნის დაბლოკვა მიზნად ისახავდა მიხეილ სააკაშვილისთვის გარანტირებული 2 000 ხმის წართმევას.
”გუშინდელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთადერთი მიზეზით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატისათვის მიხეილ სააკაშვილისთვის დაეკარგათ ის 2 ათასი ხმა [ერაყში მომსახურე ჯარისკაცების], რომელსაც ის აიღებდა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ახალი ქართული არმიის შემქმნელი,”-განაცხადა 12 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა დავით ბაქრაძემ, ”გუშინ ჯარისკაცებს წაართვეს არჩევანის უფლება და ეს ადამიანები გადააქციეს საქართველოს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად”.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის წამოწევასაც მმართველი პარტია შეეცადა ამ დაპირისპირების ფონზე, ცესკო-ს დაკომპლექტების წესზე დებატების განახლება იყო.
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – ახალი მემარჯვენეები, თავისუფლება, რესპუბლიკელები, მრეწველები, კონსერვატორები, ლეიბორისტული პარტია – ცოტა ხნის მოიპოვა ცესკო-ში წევრების დანიშვნის უფლება. ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვდა, რომ ცესკო კვლავ არაპარტიული, სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეებისგან ყოფილიყო დაკომპლექტებული. თუმცა ცესკოს პოლიტიზირების თაობაზე შიშების მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც დაიხია უკან. ეს იყო კიდევ ერთი დათმობა იმ კომპრომისებს შორის, რომლებზეც ხელისუფლებას 7 ნოემბრის არეულობების შემდეგ მოუწია წასვლა. ოპონენტების თქმით, წინა ცესკო მხოლოდ სიმბოლურად იყო უპარტიო და პრაქტიკულად მმართველ პარტიას ექვემდებარებოდა სრულად.
”აი, რატომ არ გვინდოდა ჩვენ პარტიული პრინციპით დაკომპლექტებული ცესკო,” – განაცხადა ბაქრაძემ.
ჯარისკაცების ხმის მიცემასთან დაკავშირებული საკითხი ცესკოში შიდა დაპირისპირების პირველი გამოვლინება იყო, რაც სავარაუდოდ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს, ძირითადად იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტას ხმების 2/3 სჭირდება. თუმცა არსებობს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა მაგალითად არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება, რომლებიც ხმათა უმრავლესობით მიიღება.