
პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძოლებს
5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) რეგისტრაციაში 7 კანდიდატი გაატარა და მათი საარჩევნო რიგითი ნომრები განსაზღვრა. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა 11 დეკემბერს ამოიწურა.
ამრიგად, პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატები მათთვის მინიჭებული ნომრების მიხედვით არიან:
1. ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი;
2. ბადრი პატარკაციშვილი ბიზნესმენი;
3. დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი;
4. შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი;
5. მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან;
6. გია მაისაშვილი მომავლის პარტიის დამფუძნებელი;
7. ირინა სარიშვილი პარტია ”იმედის” ლიდერი.
თავდაპირველად პრეზიდენტობის კანდიდატობაზე განაცხადი 22-მა მსურველმა წარადგინა, თუმცა მათგან მხოლოდ 13-მა შეაგროვა მინიმუმ 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა.
ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა დანარჩენ 6 კანდიდატს: გიორგი შერვაშიძეს, შევარდნაძის მმართველობის დროს შინაგანი ჯარების ყოფილ სარდალს; ადვოკატ ქართლოს ღარიბაშვილს; ავთანდილ მარგიანს, 90-იანი წლების დასაწყისში შევარდნაძის მთავრობის ვიცე-პრემიერს; შალვა კუპრაშვილსა; არჩილ იოსელიანს და ლევან ქიძინიძეს. უარის მოტივი მხარდამჭერთა სიებში ხელმოწერების არასაკმარისი რაოდენობა ან აღმოჩენილი უზუსტობები გახდა.
ავთანდილ იოსელიანმა, ავთანდილ მარგიანმა და ქართლოს ღარიბაშვილმა მათთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს განაცხადეს რა, რომ მათ მხარდამჭერთა საკმარისი ხელმოწერები წარადგინეს რეგისტრაციისთვის.