ახალი ამბები

მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ სააკაშვილი ხმების სულ ცოტა 60%-ს მიიღებს

მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ მისი საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ხმების 60 ან 70%-ს მიიღებს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ 10 დეკემბერს.


”ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საზოგადოების განწყობას, ახლო კონტაქტები გვაქვს საზოგადოებასთან და ზუსტად ვიცით, როგორია ვითარება,” – განაცხადა თარგამაძემ.


მან ეს განცხადება ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუში გააკეთა, რომლის წამყვანიც ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაა და რომელიც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში გავიდა.


თარგამაძემ ასევე გააკრიტიკა ოპოზიცია შესაძლო საპროტესტო აქციებისთვის მზადების გამო. თარგამაძის თქმით, ოპოზიციამ უკვე წინასწარ მოამზადა ის ვერსია, რომ არჩევნების გაყალბდება. თუმცა, თოქ-შოუში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა უარყვეს ეს კრიტიკა და განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან აღიარონ ნებისმიერი კანდიდატის წარმატება, თუ ამას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მოიპოვებს.  


”დარღვევებს უკვე აქვს ადგილი და არჩევნების გაყალბება არ ნიშნავს მაინც და მაინც არჩევნების დღის გაყალბებას,” – განაცხადა დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან. ”დაშინება, ზეწოლა ოპოზიციის აქტივისტებზე, საეთერო დროის უსამართლო გადანაწილება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ამომრჩეველთა მოსყიდვა – ყველაფერი ეს ხდება და ყველაფერი ეს დარღვევაა. თუ ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად მოვახერხებთ ამ უკანონობის აღმოფხვრას არჩევნებამდე, რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ არჩევნები სამართლიანი იყო. ჩვენ იდეა ფიქსი არ გვაქვს, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება”.


”ნიჰილიზმს არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი პარტია თესავს, როცა  მუდმივად ადანაშაულებს ოპოზიციას, რომ ჩვენ 6 იანვრისთვის უფრო ვემზადებით, ვიდრე არჩევნების დღისთვის, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”ხელისუფლება ვერ გაბედავს არჩევნების გაყალბებას. და სწორედ ამას ვეუბნებით ამომრჩევლებს თითოეული შეხვედრის დროს. ჩვენ დავიცავთ თქვენ ხმებს და შეუძლებელი გახდება არჩევნების გაყალბება – სწორედ ამას ვეუბნებით მათ. ჩვენ დავუთმობთ გამარჯვებას ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვებს”.

Back to top button