ახალი ამბები

ევროპის საბჭო წინასაარჩევნო მონიტორინგზე საუბრობს

პოლიტიკური განხეთქილების და პოლარიზებული პოლიტიკური დებატების რისკი ძირს უთხრის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების სანდოობას და შედეგებს ქართული საზოგადოების თვალში, განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფმა.


ევროპის საბჭოს დელეგაცია უნგრელი დეპუტატის მათიას ეორშის ხელმძღვანელობით თბილისს 5-7 დეკემბერს სტუმრობდა. დელეგაციამ, რომლის წევრები იყვნენ ალბანელი, ესტონელი და აზერბაიჯანელი დეპუტატები, შეხვედრები გამართეს საქართველოს ხელმძღვანელობასთან, რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლებთან.


7 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიის ნიშნები საქართველოში ”აქამდე შესამჩნევი იყო”. თუმცა, ნოემბრის მოვლენებმა, როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაცია დაარბიეს და ტელეკომპანია ”იმედი” დახურეს, ”სერიოზულად დააზარალა ეს პროცესი”.


დელეგაციამ აღნიშნა, რომ დემოკრატიულ პროცესებისადმი ნდობის აღდგენა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი პასუხისმგებლობაა.   


”ამიტომ, დელეგაცია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს შეწყვიტონ არჩევნების და მისი შედეგების ეჭვის ქვეშ დაყენება, ვიდრე ეს რეალურად არ მომხდარა და ნაცვლად ამისა იმუშავონ არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე. ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები და საზოგადოების ნდობა მათდამი ყველა პოლიტიკური ძალის და რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებში შედის,” – ნათქვამია განცხადებაში.


ოპოზიციური პოლიტიკოსების უმეტესობამ უკვე გააკეთა განცხადებები ხელისუფლების მიერ არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ ოპოზიცია იმაში დაადანაშაულა, რომ ნაცვლად არჩევნებზე კონცენტრირებისა, ოპოზიცია 5 იანვრის შემდეგ პროტესტზე უფრო ამახვილებს ყურადღებას.   


ევროპის საბჭოს დელეგაციამ განაცხადა, რომ დემოკრატიული არჩევნები მოითხოვს ”დაბალანსებულ სათამაშო მოედანს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის”.


”და სწორედ ეს წარმოადგენს დელეგაციის შეშფოთების წყაროს,” – ნათქვამია განცხადებაში, ”სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენება და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის კამპანიაში ყველა დონეზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებს. კანონის ფარგლებშიც რომ ხდებოდეს ეს, დელეგაციას სურს შეახსენოს ხელისუფლებას, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა საზოგადოებამ აღიქვას, რომ კამპანია ყველა მონაწილისთვის სამართლიანად ხორციელდება”.


დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ ”ძალიან ბევრი” განცხადება გაკეთდა დაშინების და ზემოქმედების თაობაზე. ”სამართალდამცავმა ორგანოებმა ნათლად უნდა განაცხადონ, რომ ნებისმიერი განცხადება ძალადობის შესახებ გამოძიებული იქნება,” – ნათქვამია განცხადებაში.


ევროპის საბჭოს დამკვირვებლების თქმით, ”უდავოა, რომ მიმდინარე საინფორმაციო სიუჟეტებში ყოფილი პრეზიდენტის კამპანიის გაშუქება ჭარბობს”.


დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიების სიზუსტე ”კვლავ შეშფოთების საგანს წარმოადგენს”.


დელეგაციამ ფრთხილი შეფასება გააკეთა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების დღეს დამატებითი სიების დაშვებას ეხება. ერთის მხრივ, დელეგაციას ”გარკვეული წუხილები” გააჩნია დამატებითი სიების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა მეორეს მხრივ, შესაძლებლად მიიჩნევს, მათ გამოყენებას ამ არჩევნებზე.   


არჩევნების დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის წესი 22 ნოემბერს საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებში აისახა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უკვე გააფრთხილეს, რომ დამატებითი სიები არჩევნების გაყალბების რისკს ზრდის. ოპონენტები შიშობენ, რომ ამ წესს ხელისუფლება ე.წ. ”კარუსელებისთვის” გამოიყენებს.


”ცესკო-მ უნდა მიიღოს შესაბამისი დებულება, რათა არ დაუშვას, რომ ისინი [დამატებითი სიები] გამოყენებულ იქნას მრავალჯერადი ხმის მიცემის საშუალებად,” – აცხადებს ევროპის საბჭოს დელეგაცია.


დელეგაციამ ასევე წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ შესაძლოა ხმის მიცემის ფარულობა დაირღვეს, განსაკუთრებით ეს ეხება საარჩევნო უბნებში ვიდეოკამერების დამონტაჟების განზრახვას – ერთი სარეგისტრაციო მაგიდის და მეორე საარჩევნო ყუთის გასაკონტროლებლად.


”ფარული ხმის მიცემის პროცესი მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნებისთვის,” – აცხადებს ევროპის საბჭოს დელეგაცია, ”ცესკო-მ ყველა ღონე უნდა იხმაროს, მათ შორის ამომრჩეველთა სწორი ინფორმირების ჩათვლით, რათა დაარწმუნოს, რომ ამომრჩეველები ხმას ფარულად აძლევენ”.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 30-კაციან დელეგაციას არჩევნებზე იანვარში გამოაგზავნის.


 

Back to top button