skip to content
ახალი ამბები

ტელეკომპანია ”იმედის” აპარატურა განადგურებულია

აპარატურა საკმაოდ  დაზიანებულია და ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის განაახლებს ტელეკომპანია ”იმედი” მაუწყებლობას, განაცხადეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელებმა და სახალხო დამცველმა 7 დეკემბერს ღამით მას შემდეგ, რაც ისინი ტელევიზიის შენობაში შევიდნენ.


”როდესაც საეთეროში შევედი, თითქმის შეუძლებელი გახდა იმის ცნობა, რომ ეს ოდესღაც საეთერო იყო,” – განუცხადა ტელეკომპანია ”იმედის” გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა ჟურნალისტებს. ”მონიტორები განადგურებულია; რამდენიმე საერთოდ აკლია, მათ შორის საეთეროშიც”.


კითხვაზე, შეძლებს თუ არა ”იმედი” მაუწყებლობის განახლებას რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ბარათაშვილმა უპასუხა: ”რომელ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობთ: 5 იანვრის, თუ შემდეგს?”    


”არსებობს სპეციალური აპარატურა, რომელიც უზრუნველყოფს ”იმედის” სიგნალის გაშვებას სატელიტზე. ეს აპარატურა აღარ არსებობს. ის უბრალოდ წაღებულია,” – განუცხადა ”იმედის” პოლიტიკური პროგრამების წამყვანმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს.


სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ასევე ახლდა შენობაში შესვლისას ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, სადაზღვევო კომპანიის აუდიტორებს და ადვოკატებს.


”ეს არის ბარბაროსობა,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს ტელევიზიის შენობის დათვალიერების შემდეგ, ”ეს არის კერძო საკუთრების განადგურება. ყველა, ვინც გასცა ეს ბრძანება და ვინც შეასრულა ის, პასუხისგებაში უნდა მიეცეს”.


”იმედის” თანამშრომლებმა ტელეკომპანიის შენობის წინ შეკრება 6 დეკემბერს საღამოს დაიწყეს. ისინი ღამის 12 საათს ელოდნენ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ”იმედის” ქონებისთვის ყადაღის მოხსნის შესახებ ძალაში შევიდოდა.


შენობის გარეთ ასევე იმყოფებოდნენ სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები, რომლებიც ვითარებას აშუქებდნენ. თუმცა რამდენიმე ტელე-ჟურნალისტმა პრეტენზიები გამოთქვა იმის გამო, რომ ისინი შენობაში არ შეუშვეს, რათა ფირზე აღებეჭდათ შიგნით არსებული ვითარება.


”ჩვენ ამდენ ხალხს ჯერ ვერ შევუშვებთ, რადგანაც ეს ხელს შეუშლის ჩვენი აუდიტების და ექსპერტების მუშაობას,” – განუცხადა ”იმედის” ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს.


ამასობაში, რადიო ”იმედმა” უკვე განაახლა მაუწყებლობა. რადიოსადგური ”იმედი” 7 ნოემბერს ტელევიზიასთან ერთად დაიხურა. თუმცა, ტელევიზიისგან განსხვავებით, რაიმე სამართლებრივი წინააღმდეგობა რადიო ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენასთან დაკავშირებით არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, რადიოს შენობა გუშინ ღამემდე დალუქული იყო.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ”იმედის” ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება 6 დეკემბერს მიიღო. ეს ბოლო დაბრკოლება რჩებოდა ”იმედის” მაუწყებლობის განახლებისთვის მას შემდეგ, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 დეკემბერს შეცვალა 7 ნოემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზიის სამი თვით შეჩერების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button