
საზოგადოებრივი მაუწყებელი საარჩევნო დებატებს გეგმავს
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ კვირაში ორჯერ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატების მოწყობას გეგმავს, სადაც ძირითადი ყურადღება სოციალურ, ეკონომიკურ და განათლების მიმართულებებზე გამახვილდება.
თითოეულ მონაწილეს მიეცემა წუთ ნახევარი საკუთარი პოზიციის გადმოსაცემად. ამის შემდეგ ოპონენტის შენიშვნებზე პასუხის გასაცემად მას დამატებით 30 წამი ექნება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი სატელევიზიო დებატების პირველ გადაცემას 7 დეკემბერს გაუშვებს. თუმცა მონაწილეთა ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
პრეზიდენტობის კანდიდატთა უმეტესობამ, მათ შორის ოპოზიციური კოალიციიდან ლევან გაჩეჩილაძემ, ახალი მემარჯვენეებიდან დავით გამყრელიძემ და ლეიბორისტმა შალვა ნათელაშვილმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან ისურვებდნენ დებატებს.
სააკაშვილმა 25 ნოემბერს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მზადაა საგნობრივი დებატებისთვის.
იმავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ”რუსთავი 2” ასევე გეგმავს ახალ თოქ-შოუს, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წაიყვანს, რომელიც ტელეკომპანია ”იმედზე” პოლიტიკური გადაცემების წამყვანი იყო. გრიგოლიამ ”იმედი” მას შემდეგ დატოვა, რაც ხელისუფლებამ ტელეკომპანია დახურა.