
ეუთო საარჩევნო პროცესს აქტიურად დააკვირდება
ეუთოს სურვილია, რომ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიულად და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, განაცხადა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიტერ ბოდენმა.
მისი ხელმძღვანელობით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ოფისმა 5 დეკემბერს დაიწყო ფუნქციონირება. საარჩევნო პროცესს ოფისის 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს, ხოლო არჩევნების დღისთვის 300 დამკვირვებლის ჩამოსვლა იგეგმება.
ეუთოს დამკვირვებლები ყურადღებას გაამახვილებენ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, მედიის მიერ გაშუქებაზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე, საარჩევნო ადმინისტრაციების და ხელისუფლების მუშაობაზე და ასევე საარჩევნო დავების გადაწყვეტაზე. არჩევნების დღეს კი ძირითადი აქცენტი საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის და ხმების დათვლის მიმდინარეობაზე გაკეთდება.
დიტერ ბოდენის განცხადებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მოამზადებს შუალედურ და შემაჯამებელ მოხსენებებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.
იმავდროულად, ოფისი აქტიურად ითანამშრომლებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფთან და ევროპის საბჭოს და ევროპარლამენტის მიერ მოვლენილ დამკვირვებლებთან.