
მათიას იორში პრეზიდენტობის კანდიდატებს ხვდება
ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა დროებითი კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი მათიას იორში, რომელიც თბილისს წინასაარჩევნო პერიოდის გაცნობის მიზნით ეწვია, დღეს დილიდან პრეზიდენტობის კანდიდატებთან მართავს შეხვედრებს.
ახალი მემარჯვენეების კანდიდატი დავით გამყრელიძე, ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი გია მაისაშვილი უკვე შეხვდნენ ევროპელ დამკვირვებლებს.
დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა ლეიბორისტების საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა და სანაცვლოდ თავისი წარმომადგენლები გაგზავნა, რომელთაც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ”უნდობლობას” უცხადებენ მათიას იორშს და მის დელეგაციას.
მემარჯვენეების კანდიდატმა დავით გამყრელიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე, რადგან ორგანიზაციის მხრიდან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები ლოიალურად ფასდებოდა.
”მათ უნდა თქვან, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ავტორიტარული რეჟიმი არა დღეს, არამედ [”ვარდების”] რევოლუციის მეორე დღესვე და ახლა იზრუნონ იმისთვის, რომ ძალიან მკაცრი მონიტორინგი განახორციელონ არჩევნების, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდის,”- განუცხადა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.
ლევან გაჩეჩილაძემ შეხვედრაზე 5 იანვრის არჩევნების შესაძლო გაყალბების თემა წამოწია წინ და დამკვირვებლებს რეაგირებისაკენ მოუწოდა.
”გამომდინარე დღევანდელი საარჩევნო კანონიდან, ძალადობიდან და არასამართლიანი სასამართლოდან ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, რომ ამ არჩევნების შედეგებს ენდო და არ იფიქრო, რომ ეს გაყალბდება,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”მე მას [მათიას იორშს] ვთხოვე, რომ ამ ყველაფერს რეაგირება უნდა არჩევნებამდე და არა არჩევნების შემდეგ, როცა უკვე იქნება გვიან”.
პრეზიდენტობის კანდიდატმა გია მაისაშვილმა განაცხადა, რომ მან თხოვნით მიმართა ევროპელ დამკვირვებლებს ხელი შეუწყონ ყველა კანდიდატის მონაწილეობას წინასაარჩევნო ტელე-დებატებში.
ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა დელეგაცია დღესვე შეხვდება მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს და დამოუკიდებელი კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენლებს.