ახალი ამბები

საია სუბელიანს და უგულავას საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს

თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა საარჩევნო კანონი დაარღვიეს, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 4 დეკემბერს. 


ეს კრიტიკა უკავშირდება სააკაშვილის შეხვედრას დევნილებთან, რომელიც 28 ნოემბერს თბილისის მერიის შენობაში შედგა. მერს და მინისტრს, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში განუცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ, მათ საკუთრებაში გადაეცათ. 


ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სახელზე გაგზავნილ წერილში, საია აცხადებს, რომ ხელისუფლების ორივე წარმომადგენელი კანონის თანახმად უნდა დაჯარიმდეს 2 000 ლარით, რადგანაც საარჩევნო კოდექსის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება მათი მოვალეობის შესრულების დროს საარჩევნო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა. ცესკომ განაცხადა, რომ განიხილავს ამ წინადადებას.


თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს განცხადებები უარყვეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა 4 დეკემბერს ტელეკომპანია ”მზეს” განუცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის ეს დებულება არ ეხება “პოლიტიკურ საჯარო მოხელეებს”, როგორიცაა მინისტრები ან მერები.

Back to top button