
სააკაშვილმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები წარადგინა
პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 4 დეკემბერს მხარდამჭერთა დაახლოებით 140 000 ხელმოწერა წარადგინეს, თუმცა ოფიციალური რეგისტრაციისთვის 50 000 ხელმოწერაც საკმარისი იყო.
მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 6 დეკემბერს საღამოს 18 საათზე იწურება, რის შემდეგაც ცესკო ორი დღის ვადაში ამ სიებს გადაამოწმებს. ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატებს ორი დღე ექნებათ სიებში შესაძლო უზუსტობების გამოსასწორებლად. ამის შემდეგ ცესკო გადაწყვეტს გაატაროს თუ არა ესა თუ ის კანდიდატი რეგისტრაციაში.
სააკაშვილი პირველია 18 კანდიდატიდან, ვინც პირველმა წარადგინა სიები ცესკო-ში.
ამასობაში, ტელევიზიებმა 4 დეკემბერს სააკაშვილის ახალი რეკლამა გაუშვეს, რომელიც ადრინელი რეკლამის მსგავსად საინფორმაციო სიუჟეტი უფროა და სააკაშვილის გურიაში ვიზიტს ასახავს. რეკლამაში სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას და ბავშვებს ხვდება, რომელთაც ჰპირდება, რომ ახალ სპორტულ დარბაზებს და მოედნებს აუშენებს. რეკლამაში ასევე ჩანს, როგორ სტუმრობს ის ადგილობრივ ეკლესიას და ესაუბრება მღვდელს.
სააკაშვილის კონკურენტი, ლევან გაჩეჩილაძე ასევე ესტუმრა გურიას 4 დეკემბერს თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.