
ხელისუფლება სააკაშვილის კამპანიის დროს ”პროვოკაციებზე” საუბრობს
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეტენზიები გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპონენტები ცდილობენ ”პროვოკაციების მოწყობის” გზით ხელი შეუშალონ პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას. მათ მოუწოდეს სხვა კანდიდატებს პატივი სცენ კონკურენტების უფლებას აწარმოონ თავისუფალი კამპანია.
ეს განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ ”ტერორში” დაადანაშაულეს – ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების კონკრეტული მაგალითების საფუძველზე.
”არცერთ კანდიდატს არ აქვს იმის უფლება, რომ სხვა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას ხელი შეუშალოს,”- განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ 4 დეკემბერს, ”სამწუხაროდ ამის მაგალითები უკვე გვქონდა რამდენიმე, კერძოდ ეს მაგალითი იყო წალენჯიხაში, როცა მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას 5 თუ 6 ადამიანი ცდილობდა ხელი შეეშალა, მეორე შემთხვევა იყო ბათუმში. არცერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა არცერთი სხვა კანდიდატის მიტინგზე”.
ლომაია ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ესაუბრა, რომელსაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე უძღვებოდა.
”ქალბატონი ნინოს წინადადება იყო, რომელიც საბჭოს წევრებმა გაიზიარეს, რომ ვთხოვოთ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს შემუშავებული იქნას შეთანხმება მათ შორის, რომ ყველა კანდიდატი საშუალებას მისცემს და ვალდებულებას აიღებს შეუფერხებლად წარიმართოს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების კამპანია და არავინ არავის ხელი არ შეუშალოს,”- განუცხადა ჟურნალისტებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ, ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანდიდატებს შორის ასეთი შეთანხმება მოხსნის კითხვის ნიშნებს და სამომავლოდ აგვაცილებს ძალიან ბევრ დაგეგმილ პროვოკაციას”.
ნინო ბურჯანაძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ არის მცდელობები ”შეიქმნას ისეთი ფონის იმიტაცია, რომ არჩევნების ნორმალურად ჩატარება არის შეუძლებელი”. ”იმედია, რომ ჩვენის მხრიდან არ იქნება არანაირი საბაბი მიცემული,”- განაცხადა ბურჯანაძე.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც თავისი კამპანიის დროს პროვოკაციებს უწყობენ.
”თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ შეხვედრას საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო დაწესებულებებში ვერ მართავდნენ შეხვედრას,”- განუცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს, ”მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ოპონენტებს არჩეული აქვთ ნეგატიური კამპანია და ისინი ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები ჩვენი კანდიდატის შეხვედრების დროს და ამითი შექმნან მათთვის სასურველი ფონი”.