
ბაღაფში: საქართველოში არსებული სიტუაცია რეგიონის სტაბილურობისთვის საშიშია
სოხუმი დაინტერესებულია სტაბილურ და პროგნოზირებად საქართველოში, რათა მან საფრთხე არ შეუქმნას მთლიანად კავკასიის რეგიონის სტაბილურობას, იტყობინება 4 დეკემბერს აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
სოხუმში, პრესკონფერენციაზე საუბრისას ბაღაფშმა გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების გამო. სააკაშვილი მეორე ვადით იყრის კენჭს პრეზიდენტად 5 იანვრის ვადამდელ არჩევნებში.
”დამოუკიდებელი ტელევიზიის [”იმედის”] დახურვით, ოპოზიციის თავიდან მოშორებით, საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს ქვეყანა ჩიხში შეყავს,”- აცხადებს ბაღაფში, ”სანამ საქართველოში არ იქნება ნამდვილი დემოკრატია, იქ არ იქნება სტაბილურობა – ეს კი ცუდია ყველა მისი მეზობლისთვის”.
აფხაზეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით ამჟამად ”არანაირი” ურთიერთობები არ არსებობს თბილისსა და სოხუმს შორის, რადგან ”საქართველომ დაანგრია ურთიერთკავშირი თავისი კონფრონტაციული პოლიტიკით”.
”აფხაზეთი ამ ჩიხიდან გამოსავალს ხედავს,”- აცხადებს ბაღაფში, ”არის შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ახალი ურთიერთობები საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით”.
თუმცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ შეთანხმებას მხოლოდ მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოები საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)