
ოპოზიციური კოალიცია BCG-ს საპრეზიდენტო რეიტინგებს აპროტესტებს
ცხრა ოპოზიციური პარტიისაგან შექმნილი კოალიცია, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს, ეჭვქვეშ აყენებს ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც პირველი ადგილი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის 54%-იანი უპირატესობით მმართველი პარტიის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს უკავია.
საზოგადოებრივი აზრი გამოკითხვის შედეგები 1 დეკემბერს ”რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ლევან გაჩეჩილაძეს მეორე ადგილი უკავია 15,5%-ით; მესამე ადგილზეა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ხმების 14,5%-ით; შემდეგ მოდის დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი – 6.4%; შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი – 5.6% და გია მაისაშვილი, მომავლის პარტიის ლიდერი – 3.5%.
”კომპანიის (BCG-ის) დირექტორი ანი უჩანეიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის მეუღლეა, რაც თავისთავად გამორიცხავს გამოკითხვის ობიექტურობას,”- განაცხადა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა კახა კუკავამ.
მისი თქმით, ოპოზიციური კოალიციის მონაცემები მკვეთრად განსხვავდება BCG-ის მონაცემებისაგან, რომელიც ასევე გააპროტესტეს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა.