ახალი ამბები

ცესკო ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნებას იწყებს

ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა გადაამოწმოს თავის თავი განახლებულ საარჩევნო სიებში, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებ-გვერდზე სამი დღის განმავლობაში სრულად განთავსდება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა 1 დეკემბერს.


”იმ შემთხვევაში თუ ვერ აღმოაჩენს ამომრჩეველი თავის თავს სიებში ან უზუსტობები იქნება, მათ შეუძლიათ მოგვმართონ როგორც ცესკოში, ისე შესაბამის საოლქო კომისიაში,”- განაცხადა თარხნიშვილმა.


მისი თქმით, ცესკოში სიების გადამოწმების მიზნით იმოქმედებს ”ცხელი ხაზი”. 


ცესკომ არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით სიების გადამოწმების პროცესი ”კარდაკარ” შემოვლის პრინციპით ოქტომბერში განახორციელა, თუმცა ოფიციალური პირების განცხადებით, სიებში კვლავ არსებობს დაახლოებით, 1%-იანი ცდომილება.

24 ნოემბერს, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს საარჩევნო სიების სიზუსტეში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალები შეეცდებიან სიებთან დაკავშირებული პრობლემების ”ილუზიის” შექმნას.

Back to top button