
სააკაშვილი წინასაარჩევნო ინიციატივებით გამოდის
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 25 ნოემბერს იანვრის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა, აცხადებს, რომ მინიმალური პენსია საქართველოში 100 აშშ დოლარის ექვივალენტი გახდება.
”ჩვენ გავაკეთებს ყველაფერს იმისათვის, სტაბილურობის პირობებში მინიმალური პენსია საქართველოში იყოს 100 ამერიკული დოლარი და მე, როგორც აქამდე შევასრულე ყველა დაპირება, აქედანაც შევასრულებ ყველა დაპირებას,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 1 დეკემბერს წალენჯიხაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
სააკაშვილი ასევე დაპირდა, რომ სახელმწიფო გადაიხდის ხელმოკლე წარჩინებულ სტუდენტების ბინის ქირას და მომავალ წელს 1 000 სტუდენტის სწავლას დააფინანსებს საზღვარგარეთ.
წალენჯიხაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილები, სააკაშვილმა თავის ემოციურ გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შექმნის ყველა პირობას, რათა ”ყველა დევნილი სულ მალე დაბრუნეს ჩვენს აფხაზეთში”.
სააკაშვილის განცხადებით ეს მოხდება იმ შემთხვევაში, ”თუ ჩვენ 5 იანვარს მივიღებთ ახალ მანდატს, თუ ჩვენ ვიაქტიურებთ, თუ ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს, თუ ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას და საქართველოს დამხობის მცდელობას”.
იმავდროულად, თავის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ ახალი მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატი დავით გამყრელიძე; და ასევე ცხრა ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, რომლის მომხრეებმაც დღეს რუსთავში ხალხმრავალი შეხვედრა გამართეს.
ოპოზიციური კოალიციის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა რუსთავის ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდეს და შეახსენეს, რომ ხელისუფლების მიერ გაზრდილი პენსიები, ხელფასები, ვაუჩერები, მათი პროტესტის შედეგია.
თავისი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შესაძლო გაყალბების წინააღმდეგ 5 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მანიფესტაციის მოწყობას გეგმავს.