ახალი ამბები

ოქრუაშვილის პარტია საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს არ დაუშვას მისი ლიდერის ექსტრადიცია

ოპოზიციური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, რომლის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გერმანელმა სამართალდამცავებმა 27 ნოემბერს ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს, თხოვნით მიმართავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ”ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი საშუალება” იქნას გამოყენებული, რათა არ დაუშვან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადირება საქართველოში, რადგან მის ”სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”. 


”ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეპრესიული რეჟიმის პირობებში სრულიად დაუშვებელია ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიცია საქართველოში, რამეთუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე,”- განაცხადა 30 ნოემბერს ოქრუაშვილის ადვოკატმა და თანაპარტიელმა ეკა ბესელიამ, ”ასეთ ვითარებაში ევროპის კონვენციით ექსტრადიციის შესახებ მე-3 მუხლის თანახმად პირის ექსტრადიცია არის დაუშვებელი”. 


ირაკლი ოქრუაშვილს გერმანიის სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. გერმანიაში საქართველოს ელჩის ლევან დუჩიძის განცხადებით, ექსტრადიციის შესახებ ზემდგომი სასამართლო ინსტანცია 40 დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას, მას შემდეგ რაც ქართველი სამართალდამცავები საქმის მასალებს მიაწვდიან.


ირაკლი ოქრუაშვილი 27 ოქტომბერს მისი მინისტრობის დროს ჩადენილ დანაშაულობებთან დაკავშირებით ოთხი ბრალდებით დააპატიმრეს. თუმცა ის 10 მლნ ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ 9 ოქტომბერს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ფულის გამოძალვაში და სამსახურეობრივ გულგრილობაში წაყენებული ბრალი აღიარა და პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, მათ შორის ის, რომ პრეზიდენტმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა, უარყო.


ირაკლი ოქრუაშვილმა პროკურატურის ოფიციალური ნებართვით საქართველო 1 ნოემბერს დატოვა, თუმცა მისმა თანაპარტიელებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მას ხელისუფლებამ იძულებით გადაადგმევინა. ოქრუაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვა 16 ნოემბერს დაიწყო, თუმცა ორი დღით ადრე მიიღო გადაწყვეტილება გირაოს ისევ პატიმრობიტ შეცვლის თაობაზე.


”ამით მას მოუსპეს შესაძლებლობა ლეგალურად ჩამოსულიყო ქვეყნის ტერიტორიაზე და მონაწილეობა მიეღო მისი საქმის განხილვაში,”- აცხადებს ბესელია.


საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლევან დუჩიძემ 29 ნოემბერს ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ ოქრუაშვილმა 1 ნოემბერს, გერმანიაში ჩასვლიდან ცოტა ხანში გერმანიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. თუმცა, დუჩიძის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლებამ უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ოქრუაშვილს გერმანიის ვიზა არ ჰქონდა. ოქრუაშვილი გერმანიაში საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული ვიზით ჩავიდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button