ახალი ამბები

ხელისუფლებას “იმედის” მფლობელის შეცვლა სურს

საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ News Corporation-ი ტელეკომპანია და რადიო “იმედის” ერთადერთი მფლობელი გახდეს, თუმცა ამერიკული კომპანია ჯერ-ჯერობით ამის წინააღმდეგია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 28 ნოემბერს. მან ასევე გამოთქვა სურვილი, რომ “პოლიტიკაში ჩართულმა” ჟურნალისტებმა დატოვონ ჟურნალისტიკა.


News Corp.-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ორი წინაპირობა დააყენა – მედია ჰოლდინგის ფინანსური სიტუაციის მონიტორინგი სამ თვეში ერთხელ და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის გარანტიები.


“იმედის მაუწყებლობა განახლდება, მაგრამ ამ ეტაპზე ძნელია კონკრეტული თარიღის დასახელება,” – განუცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ ჟურნალისტებს. “ჩვენი სურვილია, რომ News Corp.-ი იყოს მოთამაშე ქართულ მედია ბაზარზე, მაგრამ კომპანიამ უნდა იცოდეს, რომ უნდა დაიცვას ქართული კანონები.. . ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ “იმედი” ჩაირთოს და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ”.


ალექსანდრე ლომაია და საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე News Corp.-ის ვიცე-პრეზიდენტს მარტინ პომპადურს თბილისში შაბათ-კვირას შეხვდნენ.


“News Corp.-მა სინანული გამოხატა იმ ფორმის თაობაზე, რომლითაც “იმედის” დახურვა მოხდა,” – განაცხადა ლომაიამ, “ეს მართლაც არ იყო სასიამოვნო ფაქტი და ჩვენ დავარწმუნეთ News Corp.-ი, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს, მას შემდეგ რაც აუდიტი ჩატარდება”.


გურგენიძემ 28 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყენებული “თხოვნები” არ იყო “განსაკუთრებული.”


News Corp.-მა ტელეკომპანია და რადიო “იმედის” აქციები გასულ წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისგან იყიდა. ოქტომბერში, პატარკაციშვილმა, მას შემდეგ რაც ღიად განაცხადა ოპოზიციური კოალიციის დაფინანსების გეგმებზე, თავისი აქციები ერთი წლით მართვის უფლებით News Corp.-ს გადასცა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ეს გარიგება მოჩვენებითი იყო და პატარკაციშვილი განაგრძობდა თავისი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკით მანიპულირებას, იყენებდა რა მას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა ქვეყანაში არეულობა გაეღვივებინა.


“ჩვენ გვინდა, რომ News Corp.-ი “იმედის” 100%-იანი წილის მფლობელი იყოს და არ გვინდა, რომ ამ კომპანიამ რაღაც გაურკვეველი როლი ითამაშოს “იმედში,” – განაცხადა გურგენიძემ, თან იქვე დასძინა, რომ News Corp.-ი წინააღმდეგია “იმედის” ერთადერთი მფლობელი გახდეს.


“ეს ერთგვერდიანი დოკუმენტი მართვის უფლების News Corp.-ისთვის გადაცემის თაობაზე აბსოლუტურად გაუგებარია და მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევით გაფორმდა,” – განაცხადა ლომაიამ, “ News Corp.-ის წარმომადგებლებმაც გააცნობიერეს ეს და ახლა ახალი კონტრაქტის შედგენაზე მუშაობენ. თუმცა, გაუგებარი რჩება, რატომ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს”.


საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი მოთხოვნაა “იმედის” ფინანსური დოკუმენტების ხელმისაწვდომობა. “იმედის” საგადასახადო დოკუმენტების თანახმად, კომპანია ფინანსურ ზარალს განიცდის. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, თუ როგორ ფინანსდება კომპანია,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


შემდეგ მან ისაუბრა ჟურნალისტებზე, რომლებიც, მისი თქმით, პოლიტიკაში არიან ჩართულები და განაცხადა, რომ მათ უნდა დატოვონ ჟურნალისტური საქმიანობა. “ჩვენი აზრით, არასწორია, როდესაც ის ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ, ან უკვე დიდი ხანია, რაც პოლიტიკაში არიან ჩართულები, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევიან,” – განაცხადა გურგენიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ მან არ დააკონკრეტა, თუ ვის გულისხმობდა, მინიშნება, სავარაუდოდ, ტელეკომპანია “იმედის” პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელზე გიორგი თარგამაძეზე გაკეთდა. ცოტა ხნის წინ ამავე კომპანიის პოლიტიკური თოქშოუს ორმა წამყვანმა – ინგა გრიგოლიამ და ეკა ხოფერიამ – დატოვეს “იმედი”. თუმცა, თარგამაძემ განაცხადა, რომ ის იგივეს გაკეთებას არ აპირებს.


“მე ორივეს, ეკას და ინგას, პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ “იმედის” დატოვება არ იყო სწორი გადაწყვეტილება ტელეკომპანიისთვის ასეთ რთულ დროს,” – განაცხადა თარგამაძემ 28 ნოემბერს რადიო “უცნობთან” ინტერვიუში. “მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ წინააღმდეგ გარკვეულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი”.


პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა დამოუკიდებელი მედია მონიტორინგის სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც მაუწყებელთა ეთიკას და სტანდარტებს გააკონტროლებს. “ეს სტრუქტურა შესაძლოა კვირაში ერთხელ შეიკრიბოს და საჯაროდ ისაუბროს იმ შეცდომებზე, რომელიც ამა თუ იმ მაუწყებელმა დაუშვა,” – განაცხადა გურგენიძემ, “ News Corp.-თან საუბრისას ასევე აღვნიშნეთ, რომ ამგვარი სტრუქტურა არა მხოლოდ “იმედის”, არამედ სხვა მაუწყებლების გასაკონტროლებლად იყო საჭირო”.


იმავდროულად, 27 ნოემბერს ფუნქციონირება განაახლა მედია საბჭომ, ჟურნალისტთა ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მონიტორინგის მიზნით 2005 წელს, დაახლოებით, 20 ორგანიზაციის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ.

საბჭოს შეხვედრაზე მიღებულ იქნა მიმართვა წინასაარჩევნო პერიოში მაუწყებელთა ქცევის ძირითადი პრინციპების შესახებ. ტელეკომპანია “იმედი” მედია-საბჭოს ერთ-ერთი წევრია. თუმცა, გიორგი თარგამაძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ტელეკომპანიის წარმომადგენლებს არც კი აცნობეს საბჭოს შეხვედრის თაობაზე.


“ვფიქრობ არაეთიკურია იმსჯელო იმაზე, თუ როგორი მაუწყებლობა უნდა განხორციელდეს საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც “იმედი” დახურულია,” – განაცხადა მან.

Back to top button