ახალი ამბები

პრეზიდენტობის სურვილი 22 კანდიდატმა გამოთქვა – ცესკო

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტობის კანდიდატის განაცხადით 22-მა მსურველმა მიმართა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

მათ შორის არიან: მიხეილ სააკაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი 25 ნოემბერს დატოვა; დავით გამყრელიძე – ახალი მემარჯვენეები; შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია; არკადი (ბადრი) პატრაკაციშვილი – საინიციატივო ჯგუფი, ლევან გაჩეჩილაძე – პარტია თავისუფლება; გიორგი მაისაშვილი – საინიციატივო ჯგუფი.


გარდა ამისა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილები არიან: ირინა სარიშვილი-ჭანტურია (პარტია ”იმედის” ლიდერი), გიორგი შარვაშიძე (ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობაში შინაგანი ჯარების სარდალი ), გიორგი გაჩეჩილაძე (მწვანეთა პარტიის ლიდერი), ქართლოს ღარიბაშვილი (ადვოკატი), თეიმურაზ შაშიაშვილი (იმერეთში შევარდნაძის მთავრობის ყოფილი გუბერნატორი), ავთანდილ მარგიანი, გიორგი ყორღანაშვილი, ლევან ქიძინიძე, თამაზ ბიბილური, შალვა კუპრაშვილი, შალვა ცერცვაძე,  ფაზილ ალიევი, გიორგი გახოკიძე, გია ჩხიკვაძე, არჩილ იოსელიანი და ავთანდილ ფილაური.


ცესკოს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, პრეზიდენტობის მსურველთა საბუთები 27 ნოემბერს გადამოწმდება.


”ზოგიერთ მათგანს, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ნაკლოვანებები აქვს, მაგრამ მათ მიეცემათ დრო, რომ ეს ნაკლოვანებები გამოასწორონ,”- განაცხადა თარხნიშვილმა.


იმავდროულად, პრეზიდენტობის მსურველებს ექნებათ 10 დღე, რათა 5 დეკემბერს წარადგინონ მინიმუმ 50 ათასი მხარდამჭერის სია, რომელიც  პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის არის საჭირო.


 

Back to top button