
ახალი მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატი პრიორიტეტებზე საუბრობს
ახალმა მემარჯვენეებმა დეპუტატი დავით გამყრელიძე 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურ კანდიდატად დაასახელეს.
24 ნოემბერს პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას დავით გამყრელიძემ იმ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებზე ის ყურადღებას 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გაამახვილებს.
გამყრელიძის თქმით, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო იქნება საქართველოში.
”საქართველოში საპრეზიდენტო სისტემამ ვერ გაამართლა,” – განაცხადა მან, ”ყველა პრეზიდენტს საქართველოში ჰქონდა გადახრა ავტორიტარიზმისკენ… ეს პოსტი გახდა ადგილი ქარიზმატული ლიდერებისთვის, რომლებიც მესიური იდეებით არიან შეპყრობილნი”.
გამარჯვების შემთხვევაში, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის აპრილში ჩაატარებს რეფერენდუმს, სადაც ჰკითხავს ხალხს როგორი ტიპის მმართველობის სისტემა სურთ მათ: კონსტიტუციური მონარქია თუ საპარლამენტო რესპუბლიკა.
”ჩვენ, ახალი მემარჯვენეები, მთლიანად ვუჭერთ მხარს პატრიარქის ინიციატივას კონსტიტუციური მონარქიის შესახებ,” – განაცხადა გამყრელიძემ, ”მაგრამ თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს, მე არ მექნება საპრეზიდენტო ამბიციები და მოდით ეს პოსტი უპარტიო, პატივსაცემმა საზოგადო მოღვაწემ დაიკავოს საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში”.
მისი თქმით, კონსტიტუციური მონარქიის შემთხვევაში, მონარქის მმართველობამდე რეგენტის ფუნქცია კატალიკოს-პატრიარქმა ილია II უნდა შეასრულოს. ”აქ მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ეს არის მხოლოდ ჩვენი პარტიის ინიციატივა და არავინ, განსაკუთრებით ხელისუფლებამ, არ უნდა თქვას, რომ პატრიარქი რაიმეს აპირებს ჩვენთან შეთანხმებით,” – განაცხადა გამყრელიძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პარტია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება და რუსეთთან ”ურთიერთობების მოგვარება” უნდა გახდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობა.
”მე მჯერა, რომ ეს არის შემდგომი რამდენიმე წლის საკითხი და მე ამას დავამტკიცებ,” – განაცხადა გამყრელიძემ. მან იქვე დასძინა, რომ მას აქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გეგმა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას სახავს მიზნად:
•ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან თავისუფალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება;
•ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობა და ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება აპრილში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად;
•შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, მათ შორის მუნიციპალური პოლიციის, გამოძიების ფედერალური ბიუროს შექმნა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და სპეციალური ოპერაციების განყოფილების გაუქმება;
•გენერალური პროკურატურა აღარ იქნება ცალკე ორგანო და ის იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება;
•სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება; შეიარაღებული ძალების რაოდენობის განახევრება 15 000-მდე; თავდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით 45% სამხედროთა სოციალურ ხარჯებს მოხმარდება;
•ეკონომიკურ პოლიტიკაში ყურადღება გამახვილდება მცირე და საშუალო ბიზნესზე; ქვეყნის მოსახლეობის სულ ცოტა 20% ჩაერთვება მცირე და საშუალო ბიზნესში;
•ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა, რაც შობადობას გაზრდის;
•საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის კომპენსაცია 33 მილიონი ლარის ოდენობით;
•65 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის უფასო სამედიცინო მომსახურება;
•ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვა მიგრანტი მუშების შეზღუდვის გზით. ”ჩვენ ყველანი გავხდით მოწმე ჩინელი, პაკისტანელი, თურქი მუშების შემოდინებისა. ამ ტენდენციას ბოლო უნდა მოეღოს”.
დეპუტატი ირაკლი იაშვილი ახალი მემარჯვენეებიდან, გამყრელიძის გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრად იქნება წარდგენილი.
გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ ის ადვოკატ შალვა შავგულიძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ გაწევრიანდა პარტიაში, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარადგენს, ხოლო ექსპერტს ენერგო საკითხებში ლიანა ჯერვალიძეს – ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ის განზრახ არ ასახელებს თავისი პოტენციური მთავრობის სხვა წევრებს, ”რადგანაც ჩვენი პარტიის მიღმაც მინისტრების კანდიდატების ფართო არჩევანია”.
”ჩვენ გვწამს ღმერთი, ჩვენ გვაქვს ძალა” – სწორედ ამ დევიზით განახორციელებს დავით გამყრელიძე თავის წინასაარჩევნო კამპანიას.