ახალი ამბები

სააკაშვილი “იმედის” აღდგენის სანაცვლოდ პირობებს აყენებს

ტელეკომპანია „იმედი“ მხოლოდ მაშინ განაახლებს მუშაობას, როდესაც იქნება გარანტიები, რომ ის აღარ იქნება იარაღი მისი თანამფლობელის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ხელში, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


სააკაშვილმა ეს განცხადება „იმედის“ პოლიტიკური თოქ–შოუს „ღია ეთერის“ ყოფილ წამყვანთან ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. პრეზიდენტთან ინტერვიუ, რომელიც ინგა გრიგოლიამ დამოუკიდებელი ტელესტუდიის სახელით ჩაწერა, 25 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა გაუშვა. პრეზიდენტი სააკაშვილი 25 ნოემბერს, საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების წინ, გადადგა.


საათნახევრიან ინტერვიუს პირველი შეკითხვა გრიგოლიამ ტელეკომპანია „იმედზე“ დასვა. თუმცა კითხვის დასმამდე, თუ როდის აღდგებოდა „იმედის“ მაუწყებლობა, მან 7 ნოემბერს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როდესაც სპეცრაზმმა ტელეკომპანიის ოფისი დაარბია.


„მე და ჩემი კოლეგები ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რომ სპეცდანიშნულების რაზმი შემოიჭრებოდა ტელეკომპანიაში, აიძულებდა ჩემს კოლეგებს იატაკზე დაწოლილიყვნენ როგორც კრიმინალები, იარაღის მუქარით,“ – განუცხადა გრიგოლიამ პრეზიდენტს, „შემდეგ ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონები და გამოგვიყვანეს შენობიდან. შემდეგ, შენობის გარეთ კვლავ განხორციელდა ჩვენზე თავდასხმა… ჩვენ გავრბოდით და სპეცრაზმელები მოგვდევდნენ, თან რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს გვესროდნენ. ყველაფერი ეს ჩვენ შეგვემთხვა. რატომ?“


სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის მართლაც ძალიან წუხს, თუ სამართალდამცავებმა გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციელები თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ „უკიდურესად დაძაბულ, უკიდურესად რთულ და უკიდურესად საშიშ ვითარებაში“.


„თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მათგანმა მოვალეობებს გადააჭარბა, საქართველოს ხელისუფლებიდან ადეკვატური რეაქცია იქნება,“ – განაცხადა სააკაშვილმა, „ჩვენ შეგვიძლია დეტალები განვიხილოთ და ვნახოთ იყო თუ არა გადაჭარბებული ძალა გამოყენებული. ჩემთვის ნამდვილად არ იყო სასიამოვნო რაც მოხდა და ძალიან ძნელი დასანახი და მოსასმენი იყო“.


თუმცა, შემდეგ მან გაამართლა ხელისუფლების ქმედებები „იმედდთან“ მიმართებაში განაცხადა რა, რომ ქვეყანა ქაოსის  უზარმაზარი და რეალური საფრთხის წინაშე იდგა. სააკაშვილის თქმით, 7 ნოემბერს ქვეყანა „კატასტროფის“ ზღვარზე იდგა და ამის ერთ–ერთი მიზეზი იყო ტელეკომპანია „იმედი“, – რომელსაც მან „სიცრუის მანქანა“ უწოდა –  და მისი ერთ–ერთი მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი.


„ქვეყანაში გამოიწვიეს ისტერია და ტელეკომპანიის მფლობელის ბადრი პატარკაციშვილის მიერ იყო პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების დამხობისა,“ – განაცხადა მან, „და ამავე დროს, თქვენ [მას მხედველობაში ჰყავდა ჟურნალისტი] გააკეთეთ განცხადება, რითიც სამების ტაძარს დაემუქრა საფრთხე, რომ პატარკაციშვილის ბინძური თამაშების მძევალი გამხდარიყო“.


იგი გულისხმობდა „იმედის“ ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ტელევიზიის დარბევამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთდა. 7 ნოემბერს მას შემდეგ, რაც პოლიციამ რიყეზე შეკრებილი ადამიანები დაარბია, სამების ტაძრის ეზოდან პირდაპირ ეთერში საუბრისას ჟურნალისტმა განაცხადა: „ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ მათ დაინახეს სამების ტაძრისკენ მომავალი სპეცრაზმელები“.


სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მეტი არეულობის გამოსაწვევად „განზრახ“ გავრცელდა, რადგანაც ისინი, ვინც ეს დაგეგმა, შეეცადნენ ეთამაშათ იმ ქართველების გრძნობებზე, რომლებისთვისაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია.


ჟურნალისტის მიერ გაკეთებული ეს განცხადება საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების მთავარი მოტივი იყო, როცა ტელეკომპანიის ლიცენზიის სამი თვით დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.      


სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხმების გავრცელება იმის თაობაზე, რომ სამების ტაძარზე იერიში მზადდებოდა „პროვოკაცია“ იყო.


„ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებამ გააცნობიერა ის საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ ვიდექით,“ – განაცხადა მან, „ეს არის იყო ჩემი გადაწყვეტილება, ეს იყო კოლექტიურად მიღებული გადაწყვეტილება – მე არ ვიცილებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას; მაგრამ ბევრმა ადამიანმა, ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ისე მოვიქეცით, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი პასუხისმგებელი ხელისუფლება. სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ხელისუფლება“.


მან ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ გადაიქცა პატარკაციშვილის ხელში იარაღად, რომელსაც აქვს „ბოროტი ზრახვები საქართველოსთან მიმართებაში“. 


„თქვენ იკითხეთ, როდის აღდგება მისი [ტელეკომპანიის] მაუწყებლობა,“ – განაცხადა სააკაშვილმა და შემდეგ განაგრძო: „როგორც კი დავინახავთ, რომ აღარ არსებობს საფრთხე, რომ პატარკაციშვილი შეეცდება ხელისუფლების ჩამოგდებას მისი ბინძური სცენარის მიხედვით. როცა იქნება სამართლებრივი საფუძველი და გარანტია იმისა, რომ ეს არ მოხდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, აღვადგენთ [იმედის მაუწყებლობას]“.


როდესაც ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ ჰკითხა, აღდგება თუ არა „იმედის“ მაუწყებლობა, სააკაშვილმა უპასუხა:


„ჩვენ ვიმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, საქართველოს ინტერესების ფარგლებში და ჩვენ ამას გავაკეთებთ, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა. ჩვენ გადავწყვეტთ ყველა საკითხს, თუ იქნება გარანტიები, რომ არ იქნება ძალადობა, არეულობა. მაგრამ ეს არ მოხდება, თუ იქნება ძალადობის მცდელობა და იმის მცდელობა, რომ ის კვლავ გადაიქცეს იმ პიროვნების ხელში იარაღად, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეა. მე მინდა ვიპოვო მოგვარების გზა საზოგადოების საკეთილდღეოდ და საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ… მე ვარ დემოკრატიის შვილი, მე ხელისუფლებაში დემოკრატიული დებატების გზით მოვედი და ამ ქვეყნის მართვის გაგრძელებას დემოკრატიული მეთოდებით ვაპირებ. ეს ნიშნავს გამჭირვალობას, მედიის სრულ თავისუფლებას“. 

Back to top button