ახალი ამბები

პრეზიდენტი: ყველა პოლიტიკურ ოპონენტს ხელს ვუწვდი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ოპონენტს, ბოლო დროს ხელისუფლებასთან რადიკალური დაპირისპირების მიუხედავად, უწვდის ხელს და მზად არის ”ყველაფერი აპატიოს”. 


ამის შესახებ სააკაშვილმა 23 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოსვლისას ისაუბრა. ყრილობას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ქართული ტელევიზიები.


”ჩვენ ყველა ჩვენს ოპონენებს ვუწვდით ხელს. მე საქართველოს შიგნით მტრები არა მყავს. ბევრი გზა აბნეული ადამიანი შეიძლება იყოს, ბევრი კითხვაა გასაცემი სხვადასხვა სპეცსამსახურებთან ურთიერთობის და ა.შ., მაგრამ ვაპატიოთ ყველამ ერთად, მივუტევოთ ყველამ ერთმანეთს,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”მე თვალს ვხუჭავ ყველანაირ წყენაზე და პირად შეურაცხყოფაზე… იმიტომ, რომ ყველაფერი ცუდი ჩვენ უნდა დავივიწყოთ, რომ გვქონდეს უკეთესი მომავალი”.  

ხელისუფლებამ ოპოზიციის ნაწილი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით შეთქმულების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.  


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველო ”დიდი განსაცდელის წინაშე” დადგა იმ პირობებში, როცა ”საქართველო მიდიოდა დაწერილი სცენარის მიხედვით და ყველა პუნქტს ვასრულებდით, როგორც დაგვიწერეს გამოცდილმა, ამ საქმეში ხელგაწაფულმა რეჟისორებმა და დრამატურგებმა, მაგრამ ქართველები ცნობილი არიან თავისი იმპროვიზაციით და მოხერხებულობით – დროზე დავუძვერით ხელიდან მათ”.

თუმცა პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ საფრთხე კვლავაც არსებობს, რადგან ”მათ ხელები ჩვენზე ჯერ კიდევ გაშვებული არ აქვთ”.  

Back to top button