
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 150 ხმით დაუჭირა მხარი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ცენტრალური და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელისუფლების მიერ წარდგენილი 7 წევრისაგან და ოპოზიციური პარტიების 6 წარმომადგენლისაგან დაკომპლექტებას ითვალისწინებს.
ეს ოპოზიციური პარტიებია ლეიბორისტები; კონსერვატორები; რესპუბლიკელები; მრეწველები; ახალი მემარჯვენეები; თავისუფლება, რომლებიც წინა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში მიღწეული წარმატების გამო სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ.
ოპოზიციონერ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
საარჩევნო კოდექსში უცვლელი რჩება საოლქო კომისიების დაკომპლექტების არსებული პროფესიული წესი, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის ამ შუალედურ რგოლს დარჩება მხოლოდ ტრანზიტის ფუნქცია საუბნო და ცენტრალურ კომისიებს შორის და აღარ ექნება უბნის შედეგების გაბათილების და შედეგების შეჯამების უფლება. იმავდროულად, ცესკო კანდიდატის რეგისტრაციის ან მისი რეგისტრაციიდან მოხსნის, უბნის არჩევნების გაბათილების შესახებ გადაწყვეტილებებს და ასევე დადგენილებებს მაღალი კვორუმით – 2/3-ით მიიღებს ანუ 13 წევრიდან 9 წევრის თანხმობა იქნება საჭირო.
ოპოზიციისა და დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა არჩევნების დღეს იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომლებიც საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდებიან.
ამ საკითხზე განმარტებები მმართველი პარტიის გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ გააკეთა აღნიშნა რა, რომ კოდექსი ითვალისწინებს დამცავ მექანიზმებს, რომლებიც ”თეორიულადაც კი” გამორიცხავს ოპონენტების შიშებს მრავალჯერ ხმის მიცემის ალბათობის თაობაზე.
ბოკერიას განცხადებით შემდეგი დამცავი მექანიზმებია გათვალისწინებული: ”საარჩევნო დღეს რეგისტრაცია გავლილი ამომრჩეველი ისარგებლებს განსხვავებული ფერის კონვერტით, რომელშიც მოთავსდება მისი ბიუტელენები; მათ ასევე უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობის ქსეროასლი; ცალკე ოქმი უნდა შედგეს იმ ადამიანების სიისა, რომლებმაც გაიარეს არჩევნების დღეს რეგისტრაცია, რათა ხელმისაწვდომი იქნეს ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის. იმავდროულად, თუ ასეთი ამომრჩევლის რაოდენობა უბანზე 15-ზე ნაკლებია, მაშინ კომისიამ 2/3-ით უნდა გადაწყვიტოს ამ ხმების დანარჩენ ხმებთან ერთად დათვლა, ხოლო თუ 15-ზე მეტია, მაშინ კომისიამ ასევე 2/3-ით უნდა უყაროს კენჭი, რომ დათვლილი იქნას ასეთი ბიულეტენები ცალკე და დამოუკიდებელი ოქმი შედგეს შედეგების თაობაზე. ამას გარდა ცესკომ 2/3-ით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ცალკე დათვლილი ხმების ნამდვილ ხმებად ჩათვლის თაობაზე”.
თუმცა არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება არჩევნების გაყალბების საფრთხეს ქმნის.
”არჩევნების დღეს შეუძლებელია შემოწმდეს, თუ რამდენ უბანზე გაიარა რეგისტრაცია კონკრეტულმა ამომრჩეველმა; კერძოდ, ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომპიუტერული სისტემა საარჩევნო უბნებისთვის ვერ უზრუნველყოფს შესაძლო მრავალჯერადი ხმის მიცემის გადამოწმებას კენჭისყრის დღის განმავლობაში,”- ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” მიერ 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
საარჩევნო კოდექსის საბოლოო რედაქციაში ასევე დაზუსტდა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ცალკეული ვადები. კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრის განსაზღვრა უნდა მოხდეს არჩევნებამდე 25 დღით ადრე; ასევე ცესკოში კანდიდატების განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრა არჩევნებამდე 39 დღით ადრე, ნაცვლად 40 დღისა.