
გურგენიძე: ეკონომიკური ოპტიმიზმის ყველა საფუძველი არსებობს
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში, მიუხედავად მაღალი ინფლაციისა და წინასაარჩევნო პერიოდით გამოწვეული საინვესტიციო პაუზასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, ყველა საფუძველი არსებობს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს და მისი შედეგები თითოეულ მოქალაქეზე გადანაწილდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ლადო გურგენიძემ პარლამენტში მთავრობის საპროგრამო გამოსვლაში.
მისი თქმით, 2008 წელს მთავარი აქცენტები სოციალურ მიმართულებებზე გაკეთდება და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ინფრასტრუქტურული ხარჯების შეკვეცის ხარჯზე შესაბამის კორექტივებს განიცდის.
გურგენიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პენსიებისა და მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილ ზრდას, დევნილთა შემწეობების გაზრდას, დასაქმების პროგრამის ”ეფეტურად” გაგრძელებას და ზოგადად ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევის პრიორიტეტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ”ძალიან მაღალი ინფლაციური ფონის” შესამცირებლად მთავრობა მჭიდროდ ითანამშრომლებს ეროვნულ ბანკთან, რათა ”მონეტარული ბერკეტების გამოყენებით” გაკონტროლდეს ინფლაციური პროცესები.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი კაბინეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ექსპორტის წახალისება, განსაკუთრებით: სოფლის მეურნეობის, ჰიდროენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და საფინანსო სექტორებში.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა იქნება ასევე მილიონიანი დიასპორის სრულყოფილი რეინტეგრაცია ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში, რათა ”ისინი დაბრუნდნენ და ჩადონ ფული ქართულ ეკონომიკაში”.
გურგენიძემ ასევე განაცხადა, რომ მის კაბინეტში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საზოგადოებასთან კომუნიკაციის მაღალ დონეს, რაც ”5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება”.
გთავაზობთ ლადო გურგენიძის გამოსვლის მონაკვეთს:
”ჩვენ შევეცდებით, რომ კაბინეტის მუშაობა უფრო ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და მოქალაქეებთან დაახლოებული გავხადოთ. ყველა მინისტრს და მეც, რა თქმა უნდა, გვექნება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, კონკრეტული, ვადებში გაწერილი და გაზომვადი ამოცანები, რათა ადვილად შესაძლებელი იყოს ჩვენი მუშაობის ხარისხის, წარმატების თუ წარუმატებლობის შესახებ მსჯელობა.
ახლა გავახმოვანებ 2008 წლისთვის მე რა ძირითად ამოცანებს ვუყენებ ჩემ თავს:
გპირდებით მოსახლეობას და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ფენებს, რომ სოციალური აქცენტების გამახვილებას ჩვენ შევძლებთ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, დაგეგმილი პროგრამების მოცულობით, რაც აქამდე გახმოვანდა. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანა ის არის, რომ ეკონომიკური ზრდა და პროგრესი თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახოს;
ბიზნესს და ინვესტორებს ჩვენ ვპირდებით ექსპორტის მაქსიმალურ ხელშეწყობას, ასევე გპირდებით ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტის წარმატებით დასრულებას: ტენდერის წარმატებით დასრულება და ოპტიმალური ინვესტორის შერჩევა. ასევე გპირდებით 2008 წელს რკინიგზასთან დაკავშირებული საპრივატიზაციო პროცესების წარმატებით დასრულებას, კონკრეტული სამოქმედო გეგმის დადებას;
გპირდებით, რომ 2008 წლის მანძილზე ჩვენ შემოვალთ პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის იმასთან დაკავშირებით, რაც ეხება საქართველოში საფინანსო ცენტრის ჩამოყალიბებას, ჩვენ ვართ კონკურენტუნარიანი ამ კუთხით;
გპირდებით, რომ გაზაფხულზე ჩვენ შემოვალთ ინიციატივით, თუ როგორ შეიძლება ამაღლდეს ნდობა სტატისტიკური ინფორმაციის მიმართ;
გპირდებით, 2008 წელს 100 ახალი აგროსაწარმოს პროექტის დასრულებას;
გპირდებით, რომ ჰიდროენერგეტიკაში საფუძველი ჩაეყრება არანაკლებ 100 მგვტ ახალი სიმძლავრეების მშენებლობას;
გპირდებით ბიზნესგარემოს შემდგომ დახვეწას, როგორც კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის კუთხით, ასევე შემდგომი დერეგულირების, დელიცენზირების კუთხით და ასევე კაპიტალის მობილიზაციის კუთხით;
უკვე დეკემბერშივე ჩვენ შემოვალთ საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მოხდეს საფონდო ბირჟის ტრანსფორმაცია, ის გახდეს უფრო ქმედითი, უფრო ეფექტური და თუკი ეს ასე მოხდა, 2008 წელსვე, მიუხედავად საინვესტიციო პაუზისა, გპირდებით, რომ ბევრად მეტი ფინანსური ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას ამ ბირჟის მეშვეობით ჩვენთან მიმდინარე საინვესტიციო პროცესებში;
გპირდებით 2009 წელს პროფიციტული ბიუჯეტის შემოტანას და 2008 წელს კი მისი საშემოსავლო ნაწილის შესრულებას;
გაზაფხულზევე ჩვენ შემოვიტანთ ინიციატივას ე.წ. მომავალი თაობების ფონდის შექმნის თაობაზე;
ასევე გპირდებით, რომ ყველანაირად ვეცდებით 2009 წელსვე თუნდაც სიმბოლური კლება განვახორციელოთ ზოგიერთი საგადასახადო განაკვეთისა, ხოლო 2010 წლიდან საგრძნობ კლებას გპირდებით ისევ და ისევ პროფიციტული ბიუჯეტის ფონზე, რაც პრიორიტეტია;
შეუძლებელია ყველა ამ პროცესის წარმართვა ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გარეშე, რასაც ასევე გპირდებით;
ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი და წანამძღვარი ეკონომიკური ოპტიმიზმისა, რათა ჩვენ ჩამოვყალიბდეთ წარმატებულად, დინამიურად განვითარებად ქვეყნად მიუხედავად დღეს არსებული გამოწვევებისა, რომელთა დაძლევა ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია. თუკი ჩვენ სტაბილურობას შევინარჩუნებთ და შევინარჩუნებთ კურსის მემკვიდრეობითობას, 2-3 წელიწადში ჩვენ გვაქვს ყველა შანსი, რომ კეთილდღეობის დონით გავუტოლდეთ დღევანდელ რუმინეთს, ბულგარეთს, სერბეთს”.
დეპუტატების უმრავლესობა მიესალმა მინისტრთა განახლებული კაბინეტის პროგრამას, თუმცა საკითხის განხილვას ოპოზიციური ფრაქციები არ დასწრებიან, რადგან ისინი უნდობლობას უცხადებენ მთავრობას.
პარლამენტი დღესვე უყრის კენჭს ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობას, სადაც პრემიერ-მინისტრის გარდა ორი მინისტრი შეიცვალა:განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მაია მიმინოშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი გახდება.
მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
ვანო მერაბიშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრი;
დავით კეზერაშვილი – თავდაცვის მინისტრი;
გელა ბეჟუაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი;
გიორგი არველაძე – ეკონომიკური განვითარების მინისტრი;
ეკა ტყეშელაშვილი – იუსტიციის მინისტრი;
ნიკა გილაური – ფინანსთა მინისტრი;
დავით ტყეშელაშვილი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ალექსანდრე ხეთაგური – ენერგეტიკის მინისტრი;
გიორგი გაბაშვილი – კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
პეტრე ცისკარიშვილი – სოფლის მეურნეობის მინისტრი;
დავით ჩანტლაძე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
დავით ბაქრაძე – სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში;
ზინაიდა ბესტაევა – სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში;
გიორგი ბარამიძე – სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში;
კახა ბენდუქიძე – სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.