ახალი ამბები

თურქეთის მთავრობამ გააუქმა ბაღაფშის ვიზიტი – აბდულა გიული

თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის გადაწყვეტილება იყო აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება. ”დამატებით ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია რამე ვთქვა,”- აღნიშნა მან.  


”მე მხოლოდ მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,”- განაცხადა აბდულა გიულმა 21 ნოემბერს, თბილისში ქართველ კოლეგასთან, პრეზიდენტ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


თავდაპირველად ბაღაფშის თურქეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია აპრილში გავრცელდა, თუმცა ვიზიტი მას შემდეგ რამოდენიმეჯერ გადაიდო. ვიზიტის ფარგლებში თურქეთში მცხოვრებ აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრები იგეგმებოდა.


ათობით ათასი მუსულმანი აფხაზი გადასახლდა ოსმალეთის იმპერიაში კავკასიის მუსულმანთა იმ ერთიანი მიგრაციის პროცესის ფარგლებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-19 საუკუნეში. სწორედ ამ ადამიანების შთამომავლების რეპატრიაცია გახდა აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშისთვის ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი. მან 2005 წელს აფხაზეთში არსებულ დემოგრაფიულ სიტუაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში 70 ათასზე ნაკლები ეთნიკური აფხაზი ცხოვრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button