ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების წესი დაამტკიცა

ცენტრალური და საუბნო საარჩევნო კომისიები 13 წევრით დაკომპლექტდება, სადაც 7 ხელისუფლების მიერ იქნება წარდგენილი, ხოლო 6 წარმომადგენელი ეყოლებათ ოპოზიციურ პარტიებს. აღნიშნული ცვლილებები 20 ნოემბერს პარლამენტმა მეორე მოსმენით 130 ხმით დაამტკიცა.


იმავდროულად კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი წევრები, მათ შორის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი თანამდებობებს შეინარჩუნებენ, ხოლო პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა კანონის ამოქმედებისთანავე დანიშნონ თავიანთი წევრები.


ცესკოში დამატებით თითო-თითო კანდიდატს დანიშნავს შვიდი პარტია: ნაციონალური მოძრაობა; ლეიბორისტები; კონსერვატორები; რესპუბლიკელები; მრეწველები; ახალი მემარჯვენეები;  თავისუფლება. ეს ის პარტიებია, რომლებიც წინა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში მიღწეული წარმატების გამო სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ.


ანალოგიური ფორმულით დაკომპლექტდება საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციაც. 13 წევრიან საუბნო კომისიაში 7 წევრი ეყოლება ხელისუფლებას (6 საოლქო კომისიის მიერ დანიშნული და ერთი პარტიული კვოტით) და 6 წევრი ოპოზიციურ პარტიებს: ლეიბორისტები, კონსერვატორები, რესპუბლიკელები, მრეწველები, ახალი მემარჯვენეები, თავისუფლება.


ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნები არჩევნებამდე არაუგვიანეს 38 დღისა უნდა შეიქმნას და დაკომპლექტდეს. საარჩევნო უბნის შექმნისათვის საჭირო ზღვარი 2000 ამომრჩევლიდან 1500-მდე მცირდება, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლოა 150-მდე უბანი, ძირითადად სოფლებში, დარჩეს ისეთი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბოს. ეს გამონაკლისი საკანონმდებლო ცვლილებებში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არის გათვალისწინებული.


უცვლელი რჩება საოლქო კომისიების დაკომპლექტების არსებული პროფესიული წესი, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის ამ შუალედურ რგოლს დარჩება მხოლოდ ტრანზიტის ფუნქცია საუბნო და ცენტრალურ კომისიებს შორის და აღარ ექნება უბნის შედეგების გაბათილების და შედეგების შეჯამების უფლება. აღნიშნული კომპეტენციები ცესკოს დაეკისრება.


იმავდროულად, ცესკო კანდიდატის რეგისტრაციის ან მისი რეგისტრაციიდან მოხსნის, უბნის არჩევნების გაბათილების შესახებ გადაწყვეტილებებს და ასევე დადგენილებებს მაღალი კვორუმით – 2/3-ით მიიღებს.  აღნიშნული გადაწყვეტილებების მისაღებად ცესკოს 13 წევრიდან 9 წევრის თანხმობა იქნება საჭირო.


საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს იანვარში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მხარდამჭერთა სიების შეგროვების კანონის ამოქმედებისთანავე დაწყებას, რაც განპირობებულია არჩევნებამდე დარჩენილი შეზღუდული ვადებით.


საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე  გათვალისწინებულია პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, მსგავსად პირველი ტურისა,  ამომრჩეველთა სავალდებულო გამოცხადების ქვედა ზღვარის -1/3 – გაუქმება; უცხოელ დამკვირვებლებს ეძლევათ უფლება ნებისმიერ უბანზე გადაადგილდნენ არჩევნების მონიტორინგის განხორციელების მიზნით; სამხედრო ნაწილებში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება აგიტაციის უფლება, ხოლო სამხედროებს სურვილისამებრ მიეცემათ შესაძლებლობა ხმა მისცენ ან დისლოკაციის ადგილზე ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუმცა ამის შესახებ 10 დღით ადრე უნდა აცნობონ შესაბამის საუბნო კომისიებს.


იმავდროულად, საარჩევნო სუბიექტებს ეძლევათ შანსი, რომ მხარდამჭერთა სიებში ან საარჩევნო ფონდებში არსებული დარღვევები გამოასწორონ, რათა თავიდან აიცილონ ამ მიზეზებით არჩევნებიდან მოხსნის საფრთხე.  ცვლილებების თანახმად, საარჩევნო სუბიექტისთვის რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო, ნაცვლად ცესკოს თავმჯდომარისა, როგორც დღეს მოქმედი ნორმა ითვალისწინებს.


საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ტელევიზიებში უფასო საეთერო დროის თანაბრად გამოყოფას  – ყოველ სამ საათში 90 წამი – პრეზიდენტობის იმ კანდიდატებისათვის, რომლებსაც საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პარტიები დაასახელებენ. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატებს უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლება არ ექნებათ.


კუბლაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებში აისახა ასევე ოპოზიციის მოთხოვნა, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათვლისას ჩაითვალოს ბათილი ბიულეტენებიც.


თუმცა კვლავ შეუთანხმებელია საკითხი არჩევნების დღეს იმ მოქალაქეების რეგისტრაციის თაობაზე, რომლებიც სიებში არ აღმოჩნდებიან. ამ ე.წ დამატებითი სიების ხელახლა შემოღებას ოპოზიცია იმ მოტივით ეწინააღმდეგება, რომ ეს შეიძლება მრავალჯერ ხმის მიცემის წყარო გახდეს. აღნიშნული ნორმა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედებდა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით ამოღებული იქნა კოდექსიდან. დამატებითი სიების შემოღების საკითხს დეპუტატები კანონპროექტის მესამე მოსმენისას დაუბრუნდებიან. 

Back to top button