
დეპუტატებმა ამნისტიის კანონპროექტს დაუჭირეს მხარი
დღეს პარლამენტმა 121 ხმით პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც 1200-მდე პატიმარს და 1000-მდე წინასწარ გამოძიებაში მყოფ პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებიც 50 სხვადასხვა მსუბუქ დანაშაულში არიან მხილებული. მათი პატიმრობიდან გათავისუფლება ახალ წლამდე იგეგმება.
იმავდროულად, კანონპროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 500-მდე პატიმრისთვის მოუხდელი სასჯელის განახევრებას.
ამნისტიის შესახებ კანონის მიღების პარალელურად, დეპუტატების ინფორმაციით, მზადდება ფართომასშტაბიანი შეწყალების აქტი 1000-ზე მეტ პატიმარზე, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას 23 ნოემბერს გააკეთებს.
”ორივე აქტით, საერთო ჯამში ამნისტია და შეწყალება 5 ათასამდე ადამიანს მოიცავს,”- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა, ”ქართული სახელმწიფო გააგრძელებს მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას და შეურიგებელ ბრძოლას ქურდული სამყაროს, ორგანიზებული დანაშაულების, ნარკოტიკული დანაშაულების, ყაჩაღების, ადამიანის გამტაცებლების წინააღმდეგ”.
უკანასკნელად საქართველოში ფართომასშტაბიანი ამნისტია 1995 წელს განხორციელდა. ამჯერად შეწყალების აქტი წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით ხორციელდება.