
სააკაშვილი ქართველ სპორტსმენებს შეხვდა
”სიტუაცია საქართველოში დაწყნარდა და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 ნოემბერს.
მან ეს განცხადება ქართველ სპორტსმენებთან და სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციების პრეზიდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს. პრეზიდენტმა უკვე გამართა ანალოგიური შეხვედრები სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებთან, მათ შორის ბიზნესმენებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, მევენახეებთან, ასევე აკადემიკოსებთან და მეცნიერებთან.
”სპორტსმენების პრინციპულმა პოზიციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაძაბულობის განმუხტვაში,” – განაცხადა სააკაშვილმა. მან ასევე დასძინა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანაში მისი ”პირადი პრესტიჟის” საქმეა.
პრეზიდენტმა სპორტსმენებს 2008 წლის პეკინის ოლიმპიადისთვის სერიოზული მზადებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი პრემიის სახით, 100 000 აშშ დოლარს, ვერცხლის მედლის მფლობელი – 60 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი – 40 000 აშშ დოლარს მიიღებს.