ახალი ამბები

სააკაშვილი ეუთოს მისიის ხელმძღვანელს დამკვირვებლების გამოგზავნას სთხოვს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზიაციებს გამოაგზავნონ ”ასობით, და თუ საჭიროა ათასობით დამკვირვებელი” 5 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით.


სააკაშვილის ეს განცხადება, რომელიც მან ეუთოს მისიის ახალ ხელმძღვანელთან ტერი ჰაკალასთან შეხვედრაზე გააკეთა, ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს.


ქვემოთ მოცემული პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების სრული ტექსტი:


”მე მიხარია, რომ ეუთოს მისიას საქარტველოშო ჰყავს ახალი ხელმძღვანელი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარიმართოს კარგად.


როგორც იცით 5 იანვარს არის საპრეზიდენტო არჩევნები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთომ – როგორც ყველაზე მთავარმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ევროპიდან – მოავლინოს ასობით, თუ საჭიროა ათასობით დამკვირვებელი საქართველოში. იმ პირობებში, როცა ჩვენს წინააღმდეგ ამუშავებულია მანქანა, რომლის მეშვეობით შეიძლება წარმოაჩინონ საქართველო, როგორც არასტაბილური ქვეყანა, სადაც ვერ ტარდება ნორმალური არჩევნები და არ მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესი, ჩვენი ხალხი თავისი ღირსებით, თავისი თავშეკავებით, თავისი მაღალი მონაწილეობით, თავისი დემოკრატიულობით მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული ევროპული ერი.


ამისთვის ჩვენ გვინდა თქვენი დახმარება. წამოიყვანეთ წინასწარ მონიტორები, რათა შეხედონ, თუ რა საშუალებებია საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის, რა საშუალებებია მასმედიასთან ურთიერთობის, რა საშუალებაა პოლიტიკის წარმოებისთვის, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.


ჩვენ არც ერთ კანდიდატს სისხლის სამართლებრივ პრობლემებს არ ვუქმნით – თუმცა შეიძლება მათ კანონთან რაღაც პრობლემები ჰქონდეთ – მაგრამ ჩვენ საგანგებოდ ვაცხადებთ, რომ არავის არ ექნება სისხლის სამართლებრივი პრობლემები და არავის არ ექნება არანაირი შეზღუდვები, რათა ქართველმა ხალხმა გააკეთოს საბოლოო არჩევანი და ვერავინ ვერ შეძლოს საქართველოს გადაყვანა ჩვენი განვითარების მთავარი ღერძიდან, ჩვენი განვითარების მთავარი მიმართულებიდან.


ამაში ჩვენ გვინდა ეუთოს და საერთაშორისო ორგანიზაციების როგორც დახმარება, ისევე რჩევა და რაც მთავარია, აქ ყოფნა და მონაწილეობა. თქვენს გარეშე, საერთაშორისო თვალსაზრისით, 5 იანვრის არჩევნებს შეიძლება რამე პრობლემები შეექმნას. ამიტომ მოდით, მიიღეთ მონაწილეობა, ყველაფერს დააკვირდით, ყველანაირი კითხვები დასვით და ჩვენ მოგცემთ ყველანაირ პასუხს. რაც მთავარია, ქართველი ხალხი მისცემს პასუხს მთელ მსოფლიოს 5 იანვრის არჩევნებზე”. 


 

Back to top button