
სააკაშვილი სახელმწიფოს სიძლიერეზე საუბრობს
საქართველოს არაკეთილმოსურნეები შეგნებულად ცდილობენ სიტუაციის არევას, თუმცა ამის პასუხად მიიღებენ ”უკიდურეს სიმშვიდეს” და საქმის კიდევ უფრო კარგად კეთებას, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
სააკაშვილი დღეს გურჯაანში კახელ მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობდა. მან ანალოგიური ტიპის შეხვედრები უკვე გამართა პედაგოგებთან და ექიმებთან, 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
პრეზიდენტმა ბოლო დროს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ, როგორც სახელმწიფო, შედგა.
”ყველა ხელკეტი [თბილისში არეულობების დროს], რომელიც გამოყენებული იქნა, რა თქმა უნდა, მე მომხვდა, ცრემლსადენი გაზით, რა თქმა უნდა, მე ვიტირე, მაგრამ ძმებო ასეთია სახელმწიფო და მასზე ხელი არ უნდა აღმართო… ჩვენ უკვე გვაქვს სახელმწიფო და ამაზე სკდება ყველაზე მეტად გულზე ჩვენი არაკეთილმოსურნე,”- განაცხადა პრეზიდენტმა.
იმის მიუხედავად, რომ ქვეყანას საერთაშორისო ზიანი მიადგა, საქართველო უახლოესი ორი თვის განმავლობაში მთელ მსოფლიოს, მათ შორის არჩევნების კარგად ჩატარებით, დაანახებს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა, განაცხადა სააკაშვილმა.
”ხალხის გადასაწყვეტია ვინ უნდა მართავდეს ამ სახელმწიფოს, მაგრამ სახელმწიფო, რომ უნდა იყოს ამას ხელს ვერავინ ვეღარ მოკიდებს და თუ მოკიდებს, მიიღებს სახელმწიფოსგან პასუხს,”- აღნიშნა მან. ”ამას ჩვენ ყველანი ერთად უნდა შევეჩვიოთ იმიტომ, რომ ასეთია წესრიგის დამყარების მთავარი პრინციპი ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში”.
მან ასევე ისაუბრა ბოლო დროს სამართალდამცავების მიერ ფარული სატელეფონო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების ტენდენციაზე და გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
”ჩვენ მზად ვართ საზოგადოებისგან შედგენილი კომისია მოვიწვიოთ, ვანახოთ, როგორც ხდება ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ ხალხი გრძნობდეს, რომ ჩვეულებრივ ხალხს და მათ, ვინც კანონს არ არღვევს, არანაირი პრობლემები ამ ქვეყანაში არ ექნებათ,”- განაცხადა სააკაშვილმა
”მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, მე ვარ პირველი დამცველი იმისა, რომ ადამიანების პირად ცხოვრებაში, ოჯახურ საქმეებში და მათ საქმიანობაში, თუ მართლა პოლიტიკოსები არიან, არავინ არ ჩაერიოს და არავინ კონტროლი არ დააწესოს,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”მაგრამ თუ შენ გსურს შენი სამშობლოს დანგრევა, გაყიდვა, კრიმინალის ჩადენა, ნუ გეწყინება, მაგრამ სახელმწიფო დაიცავს თავის თავს და ხალხი ამის შესახებ გაიგებს”.
პრეზიდენტი მევენახეებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ლადო გურგენიძესთან ერთად შეხვდა, რომელიც მან ახალ პოსტზე 16 ნოემბერს დაასახელა. მან ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნების წინ მინისტრთა კაბინეტის შეცვლა.
”რატომ გადავწყვიტე მთავრობის ცვლილება ახლა და არა არჩევნების შემდეგ? იმიტომ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა არ მოდუნდეს, სამმაგად იმუშაოს, ახალი ენერგია ჰქონდეს და ხალხმა იცოდეს რას ვთავაზობთ ჩვენ მათ: ეს კაცი [ლადო გურგენიძე] იქნება არჩევნების შემდეგაც და ამ კაცს აქვს კონკრეტული პროგრამა, როგორც გავიყვანოთ ჩვენი ეკონომიკა სერიოზულ პერსპექტივებზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
იგი ასევე დაპირდა მევენახეებს, რომ მთავრობა მათ მომავალში მოუგვარებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც წელს კახეთში რთველის მიმდინარეობას სდევდა თან.
გურჯაანიდან პრეზიდენტი სააკაშვილი ყვარელს ეწვია, სადაც ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.