ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიცია საგანგებო მდგომარეობის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ 19 საათზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან ერთ საათში პარლამენტის წინ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება.


”საქართველოს მოქალაქეები თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების პირობებში ამას ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებენ,”- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

რესპუბლიკელები, კონსერვატორები, საქართველოს გზა, ხალხის პარტია, თავისუფლება, ჩვენ თვითონ, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ეროვნული ფორუმი და ქართული დასი აასევე აცხადებს, რომ 7 ნოემბრის მანიფესტაციის მონაწილეების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ტერორს ”ქართველი ხალხი არავის აპატიებს”.


ოპოზიცია მოუწოდებს მოსახლეობას, რომ არ შეუშინდნენ ”მოძალადე” ხელისუფლებას.


”არცერთი ნაბიჯი უკან არ იქნება,”- ნათქვამია განცხადებაში,  ”ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ გამოიღო შედეგი: 22 ნოემბერს გადადგება ავტორიტარული რეჟიმის ბელადი სააკაშვილი,  დაიწყო ხალხისაგან ძალადობრივი გზით ამოღებული ფულის დაბრუნება: ვაუჩერების, ხელფასების, სალარო აპარატების თუ სხვა საჩუქრების სახით, რომლითაც სააკაშვილი ცდილობს ქართველი ხალხის გულის მოგებას 7 ნოემბრის ბარბაროსული აქციის შემდეგ”.


ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ ტელეკომპანია ”იმედის” დახურვით ხელისუფლება ცდილობს ”ინფორმაციულ სიცრუეში ამყოფოს” მოსახლეობა და მოუწოდებს ტელეკომპანიების ”რუსთავი 2” და ”მზის” ჟურნალისტებს, რომელთაც ასევე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ განაახლეს საინფორმაციო გამოშვებები, ობიექტურად გააშუქონ მოვლენები.

Back to top button