
სემნები საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს
ტელეკომპანია ”იმედის” ირგვლივ არსებულ ვითარებასა და 5 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე გაამახვილა ყურადღება პიტერ სემნებიმ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პიტერ სემნები თითქმის ერთი კვირაა თბილისს სტუმრობს.
იგი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას 16 ნოემბრის 19 საათიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების თაობაზე.
”ეს თავისთავად შექმნის საშუალებას, რომ დაუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ამავე დროს განვითარდეს წინასაარჩევნო კამპანია, რაც აუცილებელი წინაპირობაა მომავალი არჩევნებისთვის”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენას და ამ საკითხს ყურადღებით ადევნებს თვალს.
”ევროკავშირი მხარს უჭერს ”იმედის” მაუწყებლობის განახლებას და ჩვენ ვცდილობთ მოვიძიოთ ის გზები, რომელიც მიგვიყვანს ამ საკითხის მოგვარებამდე ყველა დაინტერესებული მხარის მისაღები ფორმით”, – აცხადებს პიტერ სემნები, ”ამავე დროს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასმედიის თავისუფლება, იმავდროულად გულისხმობს პასუხისმგებლობასაც და ეს პასუხისმგებლობა ეხება ორივე მხარეს, მარტო ხელისუფლებას არა. ეს ეხება მასმედიის საშუალებებსაც, კონკრეტულად, ჟურნალისტების პასუხისმგებლობასაც”.
პიტერ სემნები მიესალმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაწყებულ დიალოგს.
”გამოყენებული უნდა იყოს ყველა შესაძლებლობა, რომ განისაზღვროს თამაშის წესები და როგორც კი ეს თამაშის წესები იქნება ორმხრივად მიღებული, მაქსიმალურად უნდა დაიცვან ისინი, რათა სათანადოდ მოემზადონ არჩევნებისთვის”, – განაცხადა პიტერ სემნებიმ.
მისი თქმით, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო სტრუქტურები აქტიურად დააკვირდებიან, ”გადამწყვეტი ეტაპი” იქნება საქართველოსთვის.